საოკუპაციო რეჟიმის ახალი რუკები და დამატებითი ტერიტორიის მიტაცების საფრთხე | რა გეგმა აქვთ ოკუპანტებს

საოკუპაციო რეჟიმის მიერ შედგენილი ახალი რუკები და დამატებითი ტერიტორიის მიტაცების საფრთხე – “ანტისაოკუპაციო მოძრაობაში” არ გამორიცხავენ, რომ გუშინ, ხურვალეთში ოკუპანტების მობილიზება საოკუპაციო ძალების გეგმის სისრულეში მოყვანის მცდელობას უკავშირდებოდეს.
დავით ქაცარავას თქმით, ოკუპანტები ხურვალეთის ნაწილის მიტაცებას გეგმავენ და არ არის გამორიცხული, რომ ე.წ. საზღვრის ხაზს მიღმა დათა ვანიშვილების მსგავსად, სხვა ოჯახების სახლებიც აღმოჩნდეს. ხურვალეთი მავთულხლართებმა ორად ჯერ კიდევ 2011 წელს გაყო.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმი გეგმავს დამატებითი 208 კვადრატული კილომეტრის ოკუპაციას, რაც მოიცავს ზემო რაჭას, ზემო იმერეთს, შიდა ქართლსა და თრუსოს ხეობას.
“ხურვალეთის საკმაოდ დიდი ნაწილი, არაოკუპირებული ნაწილი ამ გეგმის მიხედვით ყვება ახალი ოკუპაციის ქვეშ და საკმაოდ ბევრი სახლი მოყვება ახალი ოკუპაციის ხაზის შიგნით. მიმდინარე წლის ორ მარტს ეს გეგმა ე.წ. სადელიმიტაციო კომისიამ შეიტანა დე ფაქტო სეპარატისტულ საკანონმდებლო ორგანოში და ეს გეგმა მოიცავს არა მხოლოდ ხურვალეთს, სამწუხაროდ, არამედ მთელ ოკუპაციის ხაზს მოუყვება დაწყებული ზემო რაჭიდან დასრულებული თრუსოს ხეობით”, – თქვა დავით ქაცარავამ.