სანქცირებული „ხარება“ საარჩევნოდ შექმნილი „ტერიტორიული ჯგუფების“ დაკომპლექტებაში მიიღებს მონაწილეობას

შეერთებული შტატების მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევისათვის სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) -ს მიერ საარჩევნოდ სპეციალურად შექმნილი „ტერიტორიული ჯგუფების“ დაკომპლექტებაში მიიღებს მონაწილეობას.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს გამოაქვეყნა მინისტრ ვახტანგ გომელაურის მიერ 30 სექტემბერს გამოცემული ბრძანება საპარლამენტო ს „თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად“.
ბრძანების თანახმად, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე, – სხვადასხვა რეგიონში, – შეიქმნება ტერიტორიული ჯგუფები, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან „სამართალდარღვევების გამოვლენასა და პრევენციაზე“.
შსს განმარტავს, რომ არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, ამ ჯგუფებს დაევალათ „სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყონ სათანადო ზომების მიღება“ და „საჭიროებისამებრ … პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება“.
ჯგუფები იქმნება:
· აჭარის
· ქვემო ქართლის
· შიდა ქართლის
· მცხეთა-მთიანეთის
· კახეთის
· სამცხე-ჯავახეთის
· იმერეთის
· რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის
· გურიის
· სამეგრელო-ზემო სვანეთისა და
· თბილისის პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე
ბრძანების პირველი მუხლის მეორე პუნქტი განსაზღვრავს, როგორ კომპლექტდება ტერიტორიული ჯგუფები.
სწორედ აქ წერია, რომ ჯგუფის შემადგენლობაში შედის „სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ-ის, იგივე სპეცრაზმის) ხელმძღვანელის მიერ გამოყოფილი წარმომადგენელი“.
გდდ-ის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილია, რომელსაც, თავის მოადგილე მილერი ლაგაზაურთან ერთად, შეერთებულმა შტატებმა 16 სექტემბერს ფინანსური სანქციები დაუწესა.
ტერიტორიულ ჯგუფებს რეგიონებში დააკომპლექტებს ხუთ-ხუთი (ან საჭიროების შემთხვევაში ექვსი) ადამიანი. და ყოველ ხუთწევრიან ჯგუფში ერთი ადამიანი ხარაზიშვილის მიერ შერჩეული იქნება.
ჯგუფებს, ხარაზიშვილის შერჩეული კადრების გარდა, აკომპლექტებენ:
· სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს დირექტორი;
· საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი ტერიტორიული დანაყოფის ხელმძღვანელი;
· ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ გამოყოფილი წარმომადგენელი;
· საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისი ტერიტორიული დანაყოფის ხელმძღვანელი;
· და, „საჭიროების შემთხვევაში“, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი ტერიტორიული დანაყოფის ხელმძღვანელი.
შსს ხაზს უსვამს, რომ ბრძანება „პოლიციელებს ავალდებულებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვას პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპი“.
მსგავსი, ტერიტორიული ჯგუფების დაკომპლექტების შესახებ ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრს გამოცემული აქვს 2020 წლის არჩევნების წინა პერიოდშიც.
თუმცა მაშინ თავად ბრძანება განსაზღვრავდა, რომ ტერიტორიულ ჯგუფის შემადგენლობაში შევიდოდა გდდ-ის „შესაბამისი ტერიტორიული დანაყოფის ხელმძღვანელი“.
ამჟამად გადაწყვეტილებას, ვინ უნდა იყოს ჯგუფში გდდ-დან, ხარაზიშვილი მიიღებს.
ხარაზიშვილსა და ლაგაზაურს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა 2024 წლის 16 სექტემბერს სანქციები დაუწესა „მაგნიტსკის აქტზე“ დაყრდნობით.
„მაგნიტსკის სიაში“ ხვდებიან ადამიანები, რომლებიც, შეერთებული შტატების ხელისუფლების კვლევებით, მონაწილენი არიან ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებსა და კორუფციაში.
სახაზინო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ხარაზიშვილი და ლაგაზაური „მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების სასტიკ დარბევასთან არიან კავშირში“.