ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ბათუმის პორტში სანქცირებული გემის შემოსვლის შესახებ ინფორმაცია ტყუილია. უწყებაში განმარტავენ, რომ 3 აგვისტოს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ინდონეზიის დროშის ქვეშ მცურავი გემი – ,,CAPIBARA” შევიდა. გემი დატვირთული იყო რუსული კომპანიის 15 000 ტონა დიზელის საწვავით. შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, რომ ჩატარდა სკრინინგი, რომლითაც დადასტურდა, რომ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები. უწყებაში აცხადებენ, რომ სანქციები არ ვრცელდება არც ტვირთზე. სამსახურში არ ასახელებენ კომპანიას, რომელსაც საწვავი მიაწოდეს.
,,შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მიმდინარე წლის 3 აგვისტოს, ბათუმის საზღვაო ნავსადგურში შემოვიდა ინდონეზიის დროშის ქვეშ მცურავი გემი – ,,CAPIBARA”, რომელზეც დატვირთული იყო ერთ-ერთი რუსული კომპანიიდან ქართული კომპანიისთვის (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან) გამოგზავნილი, იმპორტის საბაჟო პროცედურებში მოქცევისთვის განკუთვნილი- 15 000 ტონა დიზელის საწვავი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ განხორციელებული სკრინინგის შედეგად დადასტურებულია, რომ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები. ამასთან, შემოსავლების სამსახურის მიერ გადამოწმების შედეგად, დადგინდა, რომ საერთაშორისო სანქციები არც ტვირთზე ვრცელდება, ვინაიდან საქონლის ფასი არ აღემატება სანქციებით დაწესებული ფასის ზედა ზღვარს. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო კონტროლის პროცედურების დასრულების შემდეგ, ტვირთი დაიცალა და კანონმდებლობის შესაბამისად მოექცა იმპორტის პროცედურაში.”- ნათქვამია სემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
