2023 წლის მესამე კვარტალის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, აშშ-ის ხაზინის მიერ სანქცირებული „ვითიბი ბანკი საქართველო“ 9 თვის შედეგებით 940 508 ლარის წმინდა მოგებაზე გავიდა.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, იმის მიუხედავად, რომ „ვითიბიმ“ საკუთარი აქტივების და ვალდებულებების უდიდესი ნაწილი გაასხვისა, მას მაინც დარჩა დეპოზიტების და კრედიტების გარკვეული პორტფელი, რომლიდანაც ბანკი ამ დრომდე იღებს შემოსავლებს.
სანქციების დაწესებამდე ბანკის აქტივები 2.1 მილიარდი ლარი იყო და მას 1.55 მილიარდი ლარის საკრედიტო და 1.56 მილიარდის სადეპოზიტო პორტფელი ჰქონდა. ამჟამად კი ბანკის აქტივები 389.8 მილიონი ლარია, მისი სესხების პორტფელი 197 მილიონი, ხოლო სადეპოზიტო პორტფელი 12.6 მილიონი ლარია.
ფინანსური ანგარიშის მიხედვით, ბანკმა 9 თვეში სესხებიდან 10 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, ფასიანი ქაღალდებიდან მიღებული შემოსავალი 0.7 მილიონი ლარი იყო, ამასთან ბანკს ჰქონდა 28.8 მილიონი ლარის მოგება სავალუტო სახსრების გადაფასებიდან, ხოლო მთლიანი არასაპროცენტო შემოსავლები 14.8 მილიონი ლარი იყო.
ფინანსური ანგარიშის მიხედვით, ბანკის 97%-იანი წილის მფლობელია რუსული VTB ბანკი, ხოლო საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრე (60%-ით) არის რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო.