სანქცირებული გენპროკურორის გადადგომის შემდეგ პოსტზე გიორგი გვარაკიძე წარადგინეს

დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული გენერალური პროკურორის, გიორგი გაბიტაშვილის გადადგომიდან ორ კვირაში, 17 ივნისს, მის შემცვლელად ოფიციალურად დასახელდა გიორგი გვარაკიძე.
გვარაკიძემ 13 მაისს თბილისის პროკურორის პოსტი დაიკავა, თუმცა ამ პოზიციაზე მხოლოდ 4 ივნისამდე იმუშავა. გაბიტაშვილის გადადგომის შემდეგ, ის გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ დაინიშნა და მალევე დაიწყო გენერალური პროკურორის მოვალეობის შესრულება.
17 ივნისს გამართულ საპროკურორო საბჭოს სხდომაზე გვარაკიძის კანდიდატურა საბჭოს წევრმა შოთა ტყეშელაშვილმა წარადგინა. ოფიციალური გასაუბრება და კენჭისყრა 18 ივნისს იგეგმება, რის შემდეგაც კანდიდატურა პარლამენტს წარედგინება.
ბრიტანეთის მთავრობამ გიორგი გაბიტაშვილს 2025 წლის 10 აპრილს სანქციები დაუწესა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის ბრალდებით, რაც, მათი თქმით, 2024 წლის პროტესტის მიმართ გამოძიებისა და დევნის პროცესს უკავშირდებოდა.