სანქცირებული გენპროკურორის გადადგომის შემდეგ პოსტზე გიორგი გვარაკიძე წარადგინეს

ბრიტანეთის მიერ სანქცირებული გენერალური პროკურორის, გიორგი გაბიტაშვილის გადადგომიდან ორიოდე კვირაში, 17 ივნისს, მის შემცვლელად ოფიციალურად დაასახელეს გიორგი გვარაკიძე.
გიორგი გვარაკიძე 13 მაისს დანიშნეს თბილისის პროკურორად, – ამ პოსტზე მან ჩაანაცვლა ლევან გეგეჭკორი, რომელიც 2020 წლიდან მუშაობდა აღნიშნულ პოზიციაზე და ლიეტუვის მიერ არის სანქცირებული.
მას შემდეგ, რაც გაბიტაშვილი გადადგა, – რათა გენერალურ აუდიტორად დაეწყო მუშაობა, – გვარაკიძე დანიშნეს გენერალური პროკურორის მოადგილედ, – მიუხედავად იმისა, რომ მსგავს პოზიციაზე უკვე 4 ადამიანი მუშაობდა. გვარაკიძე პირველ მოადგილედ დაინიშნა.
მოადგილედ დანიშნისთანავე, სწორედ გვარაკიძემ გააგრძელა გენერალური პროკურორის მოვალეობის შესრულება. თბილისის პროკურორობა მას მხოლოდ მცირე ხნით – 13 მაისიდან 4 ივნისამდე მოუწია.
გვარაკიძის კანდიდატურა ოფიციალურად 17 ივნისს გამართულ საპროკურორო საბჭოზე წამოაყენა საბჭოს პროკურორმა წევრმა და ყოფილმა თავმჯომარემ, შოთა ტყეშელაშვილმა.
18 ივნისს დანიშნულია საპროკურორო საბჭოს სხდომა, სადაც გვარაკიძესთან გასაუბრებაა დაგეგმილი, გასაუბრების შემდეგ კი – კენჭისყრა.
როდესაც საპროკურორო საბჭოს უმრავლესობა მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს, გვარაკიძის კანდიდატურა წარედგენება პარლამენტს, – სადავო პარლამენტს.
დიდმა ბრიტანეთმა 2025 წლის 10 აპრილს როგორც ფინანსური, ასევე სავიზო სანქციები დაუწესა გიორგი გაბიტაშვილს, – და „ქართული ოცნების“ მთავრობის კიდევ სამ მაღალჩინოსანს.
ბრიტანეთის საელჩოს განმარტებით, სანქციები დაწესდა „გაერთიანებული სამეფოს გლობალური ადამიანის უფლებათა დაცვის 2020 წლის რეგულაციების შესაბამისად“, სანქცირებული პირების მიერ „ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო 2024 წელს დაწყებული ლეგიტიმური პროტესტის საპასუხოდ“.
ბრიტანეთის მთავრობა უთითებდა, რომ გიორგი გაბიტაშვილი „არის ან/და პასუხისმგებელი იყო ისეთი ქმედების გამოძიებაზე ან [სისხლისსამართლებრივი] დევნის წარმოებაზე, რომელიც წარმოადგენს სერიოზულ დარღვევას ადამიანის უფლებისა, არ დაექვემდებარონ სასტიკ, არაადამიანური ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან სასჯელს“.
ამასთან, მითითებულია, რომ გაბიტაშვილს სანქციები დაუწესდა ამ პასუხისმგებლობის „განზრახ ან დაუფიქრებლად შეუსრულებლობის“ გამო.
ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ მთავრობაში არაერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა, მათ შორის:
· 28 მაისს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაური გელა გელაძემ შეცვალა;
· აპრილის დასაწყისში სუს-ის უფროსის პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილი ანრი ოხანაშვილმა შეცვალა.
· შინაგან საქმეთა სამინისტროში არაერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა.
ფორუმი