სანქცირებულთა დაწინაურება-დაჯილდოება კიდევ უფრო გააღრმავებს ქვეყანაში არსებულ ისედაც მძიმე პოლარიზაციას და კომპლექსურ პოლიტიკურ კრიზისს- გიორგი გობრონიძე

სანქცირებულთა დაწინაურება-დაჯილდოება კიდევ უფრო გააღრმავებს ქვეყანაში არსებულ ისედაც მძიმე პოლარიზაციას და კომპლექსურ პოლიტიკურ კრიზისს- გიორგი გობრონიძე
სანქცირებული პირების დაწინაურება და ზოგიერთი მათგანის ღირსების ორდენზე წარდგენა, საქართველოს ხელისუფლებისგან არის მცდელობა, შეიქმნას იმიჯი, რომ მას არ ეშინია სანქციების და დარწმუნებულია საკუთარ სიმართლეში. თუმცა მას შემდეგ, რაც საზოგადოება გახდა მოწმე დემონსტრაციების ძალის გადამეტებით დარბევის, რასაც თან ახლდა ადამიანების წამება, დამცირება, შეურაცხყოფა, სექსუალური ძალადობის მუქარა და შევიწროება, მოცემული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა სერიოზულ კითხვის ნიშნებს ბადებს, – ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხების მკვლევარი, გიორგი გობრონიძე, აცხადებს.
საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე მას „ინტერპრესნიუსი“ ესაუბრა.
გობრონიძის განმარტებით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უცხო ქვეყნის მეთაურები პირდაპირ გადიან კონტაქტზე მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარესთან, რადგან სწორედ მას და არა მთავრობის მეთაურს მიიჩნევენ სახელმწიფოს ფაქტობრივ მმართველად, ხოლო პრემიერი აღიქმება, როგორც ფაქტობრივი მმართველის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომელი საშუალო რგოლის მეჯემენტიდან, ნაკლებად სავარაუდოა მის ამ გადაწყვეტილებას ვინმემ დიდი მნიშვნელობა მიანიჭოს დასავლეთში.
“სამაგიეროდ, სანქცირებულთა დაწინაურება და დაჯილდოება ალბათობის მაღალი ხარისხით კიდევ უფრო გააღრმავებს ქვეყანაში არსებულ ისედაც მძიმე პოლარიზაციას და კომპლექსურ პოლიტიკურ კრიზისს.
იმ ფონზე როდესაც საკმაოდ პასიური სახალხო დამცველიც კი ღიად საუბრობს სამართალდამცავი უწყების ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან ძალის გადამეტებაზე და მეტიც, ახდენს კონკრეტული დანაშაულის გამოკვეთა, რბილად რომ ვთქვათ ძალიან არასერიოზულია მათი ხელმძღვანელების დაწინაურება და ღირსების ორდენზე წარდგენა, განსაკუთრებით მაშინ როდესაც არ მომხდარა არც ერთი მოძალადე ძალოვნის იდენტიფიცირება და არ დაწყებულა სამართლებრივი დევნა,” – ამბობს გობრონიძე და იმასაც ამატებს, რომ ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნების მინიმუმ დაბალი კომპეტენციაა სახეზე, რომ აღარაფერი ვთქვათ, ძალის გადამეტებასა და დანაშაულზე.
“მეტსაც ვიტყვი, თუ დავუშვებთ იმას, რომ ძალის ამგვარი გადამეტება არ ყოფილა ხელმძღვანელთა მიერ სანქცირებული და ადგილი ჰქონდა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელთა თვითნებურ ქმედებას, ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ კონკრეტული ხელმძღვანელი პირები ვერ უზრუნველყოფენ მათზე დაქვემდებარებულ დანაყოფში დისციპლინას, ვერ მართავენ ოპერატიულ ვითარებას და ვერ ახორციელებენ მართვასა კონტროლს.
სხვა სიტყვებით, ისინი არ არიან კომპეტენტურნი. ყველა ნორმალური ხელისუფალი ასეთ ადამიანს, საუკეთესო შემთხვევაში სამსახურიდან გაათავისუფლებდა, ახლა კი გვაქვს ორი მოცემულობიდან ერთი, სახელმწიფო აჯილდოებს პოტენციურ დამნაშავეს, ან ახალისებს არაპროფესიონალიზმს, რითაც შეგნებულად, თუ შეუგნებლად აუცილებლად გამოიწვევს საზოგადოების კრიტიკული ნაწილის უკიდურეს გაღიზიანებას,” – ამბობს გობრონიძე.