სანქცირებაზე გადაწყვეტილების შემდეგ ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში გამოიძახეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სანქციებზე გადაწყვეტილების შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეთ უორდი უწყებაში დაიბარეს.
ბრიტანელ დიპლომატს 20 დეკემბერს საგარეო უწყების ხელმძღვანელი, მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა და შეშფოთება გამოთქვა გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ სანქციების დაწესების გამო.
„მაკა ბოჭორიშვილმა განმარტა, რომ მსგავსი ქმედებები ზიანს აყენებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრობას“, – იუწყება სამინისტრო.
„გარდა ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში მიმდინარე პროცესების ობიექტური და მიუკერძოებელი შეფასება“, – წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ ცნობაში.
საგარეო საქმეთა სამინისტოს პრესცენტრის ცნობითვე, „შეხვედრის დასასრულს გამოითქვა იმედი, რომ საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებებს შორის თანამშრომლობა დაუბრუნდება პოზიტიურ დინამიკას“.
წინა დღეს, 19 დეკემბერს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და უწყების კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს.
ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, მათ სანქციებს უწესებენ, რადგან პასუხისმგებელნი არიან ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივ თავდასხმებზე.
სანქცირებული არიან:
· ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა მინისტრი;
· ალექსანდრე დარახველიძე – -ის მინისტრის პირველი მოადგილე;
· სულხან თამაზაშვილი – თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;
· ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი;
· მილერი ლაგაზაური – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის მოადგილე.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ საერთაშორისო სანქციების დაწესება დაიწყო 2023 წელს და 2024 წელში გააქტიურდა.