BLB-ს დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორის შეფასებით, თუ ბრიტანეთის დასანქცირებულთა სია კიდევ ერთხელ ამჯერად ბიძინა ივანიშვილის ხარჯზე გაფართოვდება, ეს პრობლემებს არა მხოლოდ მას, არამედ ქვეყნის რეპუტაციასაც შეუქმნის. ამის შესახებ მან “საქმის კურსთან” ისაუბრა.
საქმე ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ ინიციატივა დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში თოთხმეტმა დეპუტატმა უკვე შეიტანა. სანქციების დაწესების მოთხოვნის მიზეზად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენება, დემოკრატიის შელახვა, საქართველოში რუსეთის გავლენის ხელშეწყობა და შეერთებული შტატების მიერ ბიძინა ივანიშვილზე დაწესებული სანქციები სახელდება. ბრიტანეთის იურისდიქცია მსოფლიოში ერთ-ერთი მაღალ რეპუტაციულია, რომელიც ბიზნეს საქმიანობაში ყველაზე ხშირად გამოიყენება.
BLB-ს დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი ამბობს, რომ ბრიტანეთის დასანქცირებულთა სიაში ძირითად რუსეთის, ბელორუსის, ირანის ქვეყნების წარმომადგენლები ხვდებიან და ამ ჩამონათვალში განვითარებული ქვეყნების მოქალაქეებს ვერ შეხვდებით.
“სანქციების დაწესება ძალიან ნეგატიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და მაჩვენებლები რადიკალურად ნეგატიურია. ინგლისს სამართლებრივ ჭრილში რომ შევხედოთ, ინგლისური სამართალი და სასამართლო სისტემა არის ყველაზე პოპულარული სამართალი საერთაშორისო ბიზნეს ტრანზაქციებში, სტატისტიკურად მსოფლიო გლობალურ გარიგებებში, ბიზნესმენები ხელშეკრულების მმართველ სამართლად ირჩევენ ინგლისურ სამართალს და ეს არის მიღებული პრაქტიკა. ეს არის ყველაზე მოქნილი, ყველაზე გამოცდილი, ძალიან მაღალი რეპუტაციის სასამართლო სისტემა. დარწმუნებული ვარ, საქართველოს რეალობაშიც ყველაზე პოპულარული სამართალია.
როცა ასეთი მაღალი რეპუტაციის მქონე იურისდიქცია, როგორიც არის დიდი ბრიტანეთი, აცხადებს, სანქციებს, ბუნებრივია ეს ქვეყნის საინვესტიციო რეპუტაციას და იმიჯს, რა თქმა უნდა, აზარალებს”, – ამბობს BLB-ს დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი კახა შარაბიძე.