სანქციები უსამართლოა და არანაირ ევროპულ თუ ამერიკულ სტანდარტში არ ჯდება. მტკიცებულებების გარეშე ვინმეს ბრალი დასდო კორუფციაში, ეს უმძიმესი ბრალდებაა – მოსამართლე გვრიტიშვილი
სანქციებთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ისინი უსამართლოა და არანაირ ევროპულ თუ ამერიკულ სტანდარტში არ ჯდება. მტკიცებულებების გარეშე ბრალი დასდო კორუფციაში, ეს უმძიმესი ბრალდებაა, – ამის შესახებ მოსამართლემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება [სანქციებზე] პოლიტიკურია და გარკვეული დღის წესრიგიდან გამომდინარე არის მიღებული.
„სანქციები უსაფუძვლოა. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება განპირობებული გარკვეული დღის წესრიგიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, გარკვეული წრეებისთვის, ეს იქნება ბრიუსელში, ევროკავშირში თუ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებში, არსებობენ გარკვეული ძალები, რომლისთვისაც ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსი შეიძლება მიუღებელი იყოს. ამის გამო მოსამართლეებისა და მით უმეტეს მათი ოჯახების მიმართ სანქციების დაწესება აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უსამართლოა.
სანქციებთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ისინი უსამართლოა და არანაირ ევროპულ თუ ამერიკულ სტანდარტში არ ჯდება. მტკიცებულებების გარეშე ვინმეს ბრალი დასდო კორუფციაში, ეს უმძიმესი ბრალდებაა“, – განაცხადა გვრიტიშვილმა.
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი, იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან გამართულ საპროტესტო აქციასაც გამოეხმაურა.
„ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ჩემი კოლეგები, რომლებიც ამ საქმეებს იხილავენ, უმაღლესი კვალიფიკაციით და სათანადო კეთილსინდისიერებით უზრუნველყოფენ, რომ მართლმსაჯულება სწორად, სამართლიანად განხორციელდეს და გადაწყვეტილებები საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე მიიღონ, დანარჩენს სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – ასე პასუხობს აქციის მონაწილეებს, რომელთა უმეტესობა დაკავებულთა ოჯახის წევრებია, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სასამართლო ობიექტური და დამოუკიდებელი არ არის.
მოსამართლე მიმდინარე საქმეებზე კომენტარს არ აკეთებს.
„იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი კოლეგები იღებენ გადაწყვეტილებას, არც მე მევალება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არც ერთ სხვა წევრს არ ევალება, ყველა საქმე დეტალურად იცოდნენ, ეს შეუძლებელია და ამის კომპეტენციაც არ გვაქვს. ყველა საქმესთან მიმართებაში, ჩემი კოლეგა მოსამართლეები დარწმუნებული ვარ, მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელებას უზრუნველყოფენ“, – აცხადებს მოსამართლე.
შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეების კონფერენციის მიმდინარეობისას, აღმაშენებლის ხეივანზე შეკრებილი მოქალაქეების ნაწილმა ხელები წითელი საღებავით შეიღება. ამ პერფორმანსით პროტესტის რეჟიმში გადასულ ადამიანებს მოსამართლეებისთვის იმის თქმა სურდათ, რომ ივანიშვილის რეჟიმს, მათ შორის, მართლმსაჯულების სისტემას ხელები სწორედ ახალგაზრდების სისხლში აქვს გასვრილი.
“სასამართლოს სინდისზეა ეს სისხლი. მთელი ჩვენი პროტესტის განმავლობაში დაასახიჩრეს უამრავი ადამიანი, ამის გამო არავინ დასჯილა და კიდევ გამოაქვთ განაჩენები, რომელიც სამარცხვინოა. მხოლოდ სასამართლოს გამოყოფა არ მინდა, მაგრამ სასამართლო ყველაზე ურჯულო ორგანოა”, – განაცხადა მოქალაქემ.
ცნობისთვის, დღეს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეების შეკრება გაიმართა. მოსამართლეების თავყრილობის პარალელურად, აღმაშენებლის ხეივანზე სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები შეიკრიბნენ და მათ პროტესტის ხმა გააგონეს. საბოლოოდ, მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დატოვება საპროტესტო შეძახილებისა და ხმაურის ფონზე მოუწიათ.
