„სანქციები და სხვა ზომები არჩევნების არადემოკრატიულობის შემთხვევაში“ – 30 ევროპარლამენტარი ვარჰეის მიმართავს

ევროპარლამენტის 30 წევრი ევროკომისარ ილივერ ვარჰეის მიმართავს საქართველოს თაობაზე.
მიმართვაში ნათქვამია, რომ დეპუტატები ბრიუსელისგან საქართველოს არჩევნებზე უფრო ძლიერ რეაგირებას ელიან, მათ შორის დამატებითი დამკვირვებლების გაგზავნას, როგორც არჩევნებამდე, ასევე მათ შემდეგ. ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ ეს საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირის ურთიერთობებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან.
მიმართვაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ევროინტეგრაციას ძირს უთხრის „ქართული ოცნების ბოლოდროინდელი ავტორიტარული ნაბიჯი“, მათ შორის აგენტებზე „რუსული კანონის“ მიღება.
გარდა ამისა, ევროპარლამენტის წევრები ევროკომისარს სთავაზობენ ოთხი ნაბიჯის გადადგმას, თუკი არჩევნები არადემოკრატიულად ჩაივლის. ეს ნაბიჯებია:
· ევროკავშირის ფინანსური დახმარების, მათ შორის გრანტების და სესხების შეჩერება მთავრობისთვის, თუმცა არა სამოქალაქო საზოგადოებისთვის;
· სანქცირება მთავრობის მაღალჩინოსნებისა, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე;
· საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის გადახედვის დაწყება;
· საჯარო დიპლომატია და კომუნიკაცია – ხალხისთვის იმის ახსნა, რომ ევროკავშირი მათ მხარს უჭერს, „რაც ხელს შეუშლის მთავრობის მცდელობებს, კრიტიკა საქართველოს სუვერენიტეტზე თავდასხმად შერაცხოს“.
ამ მიმართვას ევროპარლამენტის 30 წევრი აწერს ხელს. ისინი სხვადასხვა ქვეყნებისა და პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები არიან.

ასევე დაგაინტერესებთ