ესტონეთის პარლამენტში, რიიგიკოგუში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა ერიკ-ნილეს კროსმა 44 დეპუტატის სახელით საპარლამენტო განხილვაზე წარადგინა განცხადება, რომელიც “საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს გმობს”.
აღნიშნული განცხადების პროექტში, პარლამენტი მოუწოდებს ესტონეთის მთავრობას, საქართველოს ხელისუფლების წევრებისა და ბიძინა ივანიშვილის მიმართ დააწესოს სანქციები, ასევე კანონის გაუქმებამდე ევროკავშირში საქართველოს გაწევრების შემდგომი პროცესები დაბლოკოს.
განცხადების პროექტში, რიიგიკოგუს დეპუტატები ქართული ოცნების მიერ მიღებულ კანონს რუსული ე.წ. უცხოური აგენტების კანონით შთაგონებულს უწოდებენ, რომელსაც პუტინი სამოქალაქო საზოგადოების, პრესისა და პოლიტიკური ოპოზიციის რეპრესიებისთვის იყენებს.
განცხადების პროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ ევროკავშირი, ვენეციის კომისია და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება კანონს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან და გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტთან შეუთავსებლად მიიჩნევს, რადგანაც ის კანონის უზენაესობის, კანონიერების და პროპორციულობის, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპებს არღვევს. რიიგიკოგუ საქართველოს პარლამენტს და მთავრობას დაუყოვნებლივ გააუქმოს კანონი.
ესტონეთის საკანონმდებლო ორგანო, ასევე, მოუწოდებს მთავრობას, შეწყვიტოს ძალადობა დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ და ჩაატაროს გამოძიება იმ ადამიანების მიმართ, ვინც ჩართული იყო ძალადობაში.
“სანამ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი არ დაიწყებენ დემოკრატიული კრიზისის გადაწყვეტას იმ მიდგომით, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობასა და სამოქალაქო უფლებებს, არ დაუბრუნდებიან რეფორმებს და დემოკრატიზაციას, რომელიც ევროკავშირთან არის შეთანხმებული და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს არ გააუქმებენ, რიიგიკოგუ აუცილებლად მიიჩნევს, რომ ესტონეთმა ევროკავშირში საქართველოს გაწევრების შემდგომი პროცესები დაბლოკოს, გაყინოს განვითარების თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან და გამოიყენოს გამოყოფილი თანხები საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად”, – აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა ამისა, განცხადების პროექტში, დეპუტატები მიიჩნევენ, რომ უნდა დაწესდეს სამთავრობო სანქციები, მათ შორის ესტონეთში შესვლა აეკრძალოთ ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს მთავრობის წევრებს, პარლამენტის ხელმძღვანელებს, ასევე, ქართული ოცნების ხელმძღვანელობას. გარდა ამისა, ესტონელი დეპუტატები მოუწოდებენ, სანქციები ძალოვანი უწყებების თანამშრომლების მიმართ დაწესდეს, რომლებიც დემონსტრანტებზე ძალადობაში არიან პასუხისმგებელნი.
განცხადების დრაფტში ესტონეთის პარლამენტი მხარს უჭერს უვიზო მიმოსვლის გაყინვას, სანამ ე.წ. რუსული კანონი არ გაუქმდება.
“რიიგიკოგუ გამოხატავს პატივისცემას მამაცი ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ და პროევროპულ მომავალს”, – ნათქვამია განცხადებაში.