2022 წლის 15 მარტიდან, მას შემდეგ რაც ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთში ძვირად ღირებული მანქანების ექსპორტი აკრძალეს, ქვეყანაში სულ მცირე 1319 ძვირად ღირებული ავტომობილი შევიდა, რომელთა საერთო ღირებულება $229.6 მილიონია. ამის შესახებ რუსული ოპოზიციური გამოცემა „ვერსტკა“ წერს, რუსეთის ფედერაციის ფედერალური საბაჟო სამსახურის საიდუმლო მონაცემებზე დაყრდნობით.
„სანქციების დაწესებისთანავე, რუსეთში მანქანების იმპორტი რამდენჯერმე შემცირდა: 2022 წლის 9.5 თვეში რუსეთის საბაჟოზე თითო 100 ათას დოლარზე მეტი ღირებულების მინიმუმ 378-მა მანქანამ გაიარა.
თუმცა, 2023 წლის დასაწყისიდან მათი ნაკადი განახლდა – ოქტომბრის შუა რიცხვებამდე, ანუ, ასევე, 9.5 თვეში ქვეყანაში სულ მცირე 941 ასეთი ავტომობილი შემოვიდა“, – ნათქვამია ანგარიშში.
საერთო ჯამში, გამოცემამ დაითვალა 12 კომპანია, რომელთა 100 ათას დოლარზე მეტი ღირებულების მანქანებიც მოხვდა რუსეთში.
ყველაზე პოპულარული Land Rover-ის მანქანები აღმოჩნდა: სანქციების შემოღების შემდეგ, კომპანიის 551 ავტომობილი შევიდა რუსეთში. მეორე ადგილზეა Mercedes-Benz-ია 226 მანქანით, ხოლო მესამეზე Porsche, რომლის მანქანების რაოდენობაც 177-ია.
„ასევე, სანქციების 19 თვის განმავლობაში შემოვიდა მინიმუმ 104 BMW, 99 Audi, 97Toyota, 9 Cadillac, 7 Rolls-Royce, 6 Jeeps და 1 Maserati. გარდა ამისა, რუსეთში სულ მცირე 42 სუპერმანქანა შევიდა: 32 Lamborghini და 10 Ferrari.
ყველაზე ძვირად ღირებული იმპორტირებული მანქანა არის Ferrari 812 Competizione, რომელიც თითქმის 534 ათასი დოლარი ღირს“, – ნათქვამია „ვერსტკას“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მანქანები ძირითადად იმპორტირებული იყო მესამე ქვეყნებში მყოფი შუამავლების მეშვეობით. ყველაზე ხშირად ეს იყო კომპანიები ყირგიზეთიდან, თურქეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან და ბელარუსიდან.