ბოლო პერიოდში რუსეთსა და ინდოეთს შორის სავაჭრო კავშირები კიდევ უფრო გამყარდა. რუსეთის უმსხვილესი ბანკის Sberbank-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის, ანატოლი პოპოვის განცხადებით, დასავლური სანქციების მიუხედავად, ორ ქვეყანას შორის გადახდები შეუფერხებლად ხორციელდება.
რუსული პროდუქციის ინდოეთში ექსპორტის გადახდების 70%-ს სწორედ Sberbank-ი უზრუნველყოფს. 2023 წელს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობა თითქმის გაორმაგდა და $65 მილიარდი შეადგინა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ დაწესებული სანქციების შემდეგ, ინდოეთი რუსული ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორი გახდა.
ანატოლი პოპოვის განცხადებით, ინდოეთის ბაზარი რუსული ბიზნესისთვის ალტერნატივას წარმოადგენს, 2022 წლის შემდეგ კი ინდოეთში რუსული ბიზნესების ზრდა თვალშისაცემი გახდა. ცნობისთვის, Sberbank-ს ინდოეთში ორი ოფისი და IT-ცენტრი აქვს. წელს დელისა და მუმბაის ოფისების თანამშრომელთა რიცხვი რუსეთის უმსხვილესმა ბანკმა 150%-ით გაზარდა.
შეგახსენებთ, Sberbank-ი დასავლური სანქციების ქვეშაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანკი SWIFT-ის სისტემიდან ჩახსნილია და ტრანზაქციების აშშ დოლარსა და ევროში განხორციელება არ შეუძლია. Sberbank-ს ინდოეთთან ტრანზაქციების განხორციელებაში პრობლემები არ შექმნია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაჭრობა ინდოეთსა და რუსეთს შორის რუბლებსა და რუპიებში მიმდინარეობს. პოპოვის განმარტებით, ტრანზაქციების 90% რამდენიმე საათში ხორციელდება. რუსეთი ასე მარტივად ვერ ვაჭრობს ჩინეთთან, სადაც ტრანზაქციების იუანსა და რუბლში განხორციელება უფრო შეფერხებებით მიმდინარეობს.
წყარო: forbes.ge