სანქციების დაწესებას ეკონომიკაზე მასშტაბური გავლენა არ მოუხდენია – შეფასება

აშშ-დან საქართველოს მოქალაქეების მისამართით სანქციები ახალი პაკეტი დაიძრა. ამჯერად საუბარია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელძღვანელ ზვიად ხარაზიშვილსა და მის მოადგილეზე. სანქციების ქვეშ მოხვდნენ ასევე “ალტ ინფოს” დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე. მათ გარდა, სავიზო შეზღუდვა დაუწესა 60-ზე მეტ ქართველს და მათ ოჯახის წევრებს. სანქციები ქართველების მიმართ -ს აქამდეც დაუწესებია, მაგრამ მაშინდელ გადაწყვეტილებას ქვეყნის ეკონომიკაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია, ამჯერად უნდა ველოდოთ თუ არა პრობლემების ტალღას?
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მიერ დაწესებული სანქციები ნიშნავს, რომ ამ პირებს უკვე ეზღუდებათ ფინანსურ რესურსებზე წვდომაც. როგორც ცნობილია, შტატების მიერ დაწესებულ სანქციებს უნდა დაემორჩილონ ქართული საფინანსო ინსტიტუტებიც.
აშშ-ს გადაწყვეტილებას გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში. მთავრობაში ითქვა, რომ გადაწყვეტილება არ არის სწორი პარტნიორი სახელმწიფოს მრიდან. როგორც პრემიერი-მინისტრმა მ განაცხადა, სანქციების საკითხი დადებითად არ აისახება საზოგადოების დამოკიდებულებაზე კონკრეტული ინსტიტუტების მიმართ.
„ეს დადებითად არ აისახება საზოგადოების დამოკიდებულებაზე კონკრეტული ინსტიტუტების მიმართ. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. სამომავლოდ, ჩვენ ველით ჯანსაღ და სწორ დამოკიდებულებას, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების, ისე ქართული საზოგადოების მიმართ“, – განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს საბანკო სისტემა დაიცავს აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს. როგორც ასოციაციაში განაცხადეს, ქართული ბანკები გადაწყვეტილებას საერთაშორისო სანქციების გათვალისწინებით მიიღებენ.
„საბანკო სისტემა საერთაშორისო საფინანსო სისტემის განუყოფელი ნაწილია. ის განუხრელად იცავდა და დაიცავს აშშ-ს, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ სანქციებს და გადაწყვეტილებებს მათთან შესაბამისობაში იღებს”, – ითქვა საბანკო ასოციაციაში.
ფინანსთა სამინიტროში კი პირდაპირ მიანიშნეს, რომ სანქციები არის კომერციული ბანკების მიერ აღსასრულებელი, თავად უწყება ვერანაირად ჩაერთება ამ მიმართულებით.
„ფინანსთა სამინისტროს არ ეხება, ეს არის კომერციული ბანკების მიერ აღსასრულებელი სანქცია. ჩვენ ვერანაირად ვერ ჩავერთვებით. მოვისმინე საბანკო ასოციაციის განმარტება, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს ყველა კომერციული ბანკი უზრუნველყოფს შესაბამისი სანქციების აღსრულებას. ჩვენ არ გვაქვს არანაირი ბერკეტი კომერციულ ბანკებთან დაკავშირებით.
მე არ მგონია, რომ საბანკო სექტორს რაიმე რეპუტაცია გადასარჩენი ჰქონდეს, საბანკო სექტორი უზრუნველყოფს თავისი პროცედურების მიხედვით ამ სანქციების აღსრულებას,” – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.
მართალია, დასანქცირებულ პირებს სხვადასხვა სახის შეზღუდვა ექნებათ, თუმცა ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ ცალკეული პირების დასანქცირება ქვეყნის სტაბილურობას საფრთხეს ვერ შეუქმნის. სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძემ.
“ყველა ძირითადი ბიზნესსტრუქტურის და პირველ რიგში, ბანკების სააქციო კაპიტალის 90%-ზე მეტი არის უცხოური კაპიტალი. ისინი პირობითად არიან ქართული ბანკები, თორემ რეალურად, მისი მესაკუთრეები არიან უცხოელი იურიდიული პირები. ამის გარდა, ყველა მსხვილი ბიზნესსტრუქტურის, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, დამფუძნებლების დიდი ნაწილი უცხოელები არიან. ძალიან მეეჭვება, მაგრამ ეს ორგანიზაციები თუ დასანქცირდებიან, გამოდის, რომ უცხოელები ისევ თავის თავს დაუწესებენ სანქციებს.
ჩემი აზრით, ყველაფერი არის წინასაარჩევნოდ ერთგვარი გზავნილი ამომრჩეველისთვის, რომ თუ “ქართული ოცნება” მოიგებს, შეიძლება პრობლემები შეიქმნას, რადგან თუ დასანქცირდება ბინზესი, ხარვეზი ექნებათ ოპერაციულ ნაწილში. მოკლედ, რომ ვთქვათ, დასაქმებულ ადამიანებზეა ეს ყველაფერი გათვლილი, რომ მათ შესაძლოა, სამსახური დაკარგონ ან შემოსავლები შეუმცირდეთ. სინამდვილეში კი არჩევნები დასრულდება და ვნახავთ, რომ არანაირი სანქციები არ დაწესდება.
სტაბილურობა შეიძლება დაირღვეს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში მოხდება რევოლუცია ან თუკი ცალკეული ჯგუფები შეეცდებიან კონსტიტურიური არეალიდან გამოსვლას. არჩევნების შემდგომ არ არის გამორიცხული, დაიწყოს პროტესტი, რადგან ოპოზიცია არჩევნებს აშკარად აგებს. დესტაბილიზაციის მცდელობა ნამდვილად იქნება, მაგრამ რაიმე სერიოზული რყევა არ მოხდება”, – განუცხადა “რეზონანსს” ცუცქირიძემ.
ბიზნესი თავის მდგომარეობას უფრთხილდება. მათი აზრით, საქართველოს მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ არ გაღრმავდეს სანქციები.
„ჩვენ ვმუშაობთ ხელისუფლებასთან. ამ სიტუაციის გათვალისწინებით, მთავრობაის ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, რომ ბეწვის ხიდზე გაგვატაროს და ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ არ გაღრმავდეს ეს სანქციები“, – განაცხადა ბიზნესასოციაციის ვიცე-პრეზიდეტმა ლაშა პაპაშვილმა.
გაურკვეველია, აშშ-სგან საქართველო სანქციების მორიგ პაკეტს უნდა ელოდოს თუ არა, თუმცა, როგორც “ბიდიოს” მმართველმა პარტნიორმა ზურაბ ლალაზაშვილმა განაცხადა, თუ კი საქართველო მაღალრისკიან ქვეაყანად შეფასდება, ეს გამოიწვევს იმას, რომ ჩვენი საკრედიტო რეიტინგი შესაძლოა, გაუარესდეს.
„თუ განივრცო სანქციების თემა, ჩვენ არ გაგვეხსნა მოლაპარაკება ევროკავშირთან, რა თქმა უნდა, ქვეყანა უფრო მაღალრისკიანად შეიძლება შეფასდეს. ეს კი გამოიწვევს იმას, რომ ჩვენი საკრედიტო რეიტინგები შესაძლოა, გაუარესდეს. აქედან გამომდინარე, გაგვიძვირდეს ის ფული, რომელსაც კერძო სექტორი, თუ მთავრობა იზიდავს საქართველოში. თუ ეს მოხდება, იქნება 2025 და შემდგომ წლებში. მანამდე ძალიან მნიშვნელოვანი იქნებ ჩვენთვის ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკების გახსნის საკითხი”, – განაცხადა ზურაბ ლალაზაშვილმა.
სანქციების დაწესებას რომ ეკონომიკაზე გავლენა არ მოუხდენია, ეს ფაქტია. არანაირი ცვლილება ამ ეტაპზე არ მომხდარა, თუნდაც მშპ-ს ზრდასთან და ლარის კურსთან მიმართებით. აღნიშნული დაადასტურა ეკონომიკის დოქტორმა ირაკლი მაკალათაიმ და განაცხადა, რომ სანქციები მთლიანად პოლიტიკურ ნიშნებს ატარებს და ეკონომიკაზე ამ ეტაპზე გავლენას არ ახდენს.
„ეს სანქციები ცალკეულ ფიზიკურ პირებზეა გაცემული და მათ შორის, მთავრობის წარმომადგენლებზე. ეკონომიკაზე გავლენა რომ არ მოახდინა, ლარის გაცვლითი კურსიდანაც ჩანს. ლარი სტაბილურია და ცვლილება არ განუცდია. ფინანსურ ბაზარს საერთოდ არ შეხებია და შეგვიძლია ისე ჩავთვალოთ, რომ ამ ეტაპისთვის ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება.
ბანკებმა როგორც განაცხადეს, სანქციებს შეუერთდებიან და დარღვევას. მიმდინარე წლის გაზაფხულზე, არასტაბილური გარემო იყო სანქციების დაწესების დროს და შესაბამისი შედეგიც გამოჩნდა ეკონომიკასა და კურსზე“, – განაცხადა ირაკლი მაკალათიამ გადაცემაში “საქმე”.
კიდევ ერთი ეკონომისტი აკაკი ცომაია გარკვევით ხსნის რას ნიშნავს სახაზინო დეპარტამენტის მიერ დაწესებული სანქციები.
„ეს ნიშნავს იმას, რომ საფინანსო სექტორმა უნდა შეასრულოს ის ვალდებულებები, რაც დააწესა ამერიკის ხაზინამ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ არ დაემორჩილება იმ წესებს, რომელიც გათვალისწინებულია ამერიკის ხაზინის გადაწყვეტილებით, შეექმნება პრობლემები (საფინანსო სექტორს).
ვინც არიან დასანქცირებულნი, ისინი ვერ ისარგებლებენ უცხოური ვალუტის ოპერაციებით, ასევე მოუწევთ საბანკო ანგარიშების დახურვა ქართულ ბანკში, მათ შორის, ისინი ვერ ისარგებლებენ “ვიზა” და “მასტერქარდებით”, შეეზღუდებათ სალარო ოპერაციებიც.
ეროვნული ბანკის პოზიცია ჩვენ გვახსოვს ფარცხალაძესთან დაკავშირებით, მაგრამ კომერციული ბანკები ეროვნულის გადაწყვეტილებას არ დაემორჩილნენ და ფარცხალაძეს მოუწია ყველა ანგარიშის დახურვა. ასე რომ, კომერციული ბანკები არიან „სვიფტზე“ მიბმული საფინანსო ინსტიტუტები და მათივე ინტერესებიდან გამომდინარე, მოუწევთ დაემორჩილონ ამ გადაწყვეტილებას”, – აღნიშნა აკაკი ცომაიამ