სანქციების დარღვევა გრძელდება – ჟურნალისტური გამოძიება

25 ნოემბერს, ლატვიის ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ საწარმოებს უკვე მესამე წელია სთხოვენ რუსეთთან და ბელარუსთან თანამშრომლობის შეწყვეტას, ბევრი მათგანი ეძებს გზებს, რათა ბიზნესი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს და სანქციებს გვერდი აუაროს.
ლატვიის სახელმწიფო შემოსავლების სამსახურის (VID) საბაჟო დეპარტამენტის ცნობით, წელს სანქციების დარღვევის შემთხვევები გაიზარდა. თუ გასულ წელს, მთელი წლის განმავლობაში, 2175 დარღვევა გამოვლინდა, წელს, პირველ 10 თვეში, უკვე 2623 დარღვევა დაფიქსირდა.
თუმცა, თუ სანქციების განზრახ დარღვევის კონკრეტული ნიშნები არ არსებობს, სამართლებრივი პასუხისმგებლობაში დამრღვევების დაუყოვნებლივ მიცემა ვერ ხერხდება.
„რა თქმა უნდა, არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც აშკარაა, რომ სანქციები განზრახ დაირღვა. თუ ადამიანები ადრე ლიეტუვას გავლით ცდილობდნენა სანქცირებული საქონლის გატანას, ახლა ლიეტუვადან უკვე ვიღებთ ინფორმაციას შესაძლო რისკების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ეს ხალხი დღეს უკვე ლატვიის გავლით აპირებს ამის გაკეთებას. არის [სხვა] სიტუაციებიც, როდესაც ადამიანი მოდის და ამბობს, თითქოს, მას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ამა თუ იმ საქონლის ექსპორტი აკრძალულია. ასეთი პირები ამტკიცებენ: ეს ინფორმაცია ახლა თქვენგან მივიღე, ვიცი, რომ კონტროლი ხორციელდება, ამიტომ უკან დავბრუნდები და ვეცდები, საქონელი სხვა გზით გავყიდო“, – აცხადებს VID-ის საბაჟო ადმინისტრაციის რისკების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ატის პილატსი.
ლატვიის ცენტრალურმა ბანკმა დაადგინა, რომ საწარმოები ცდილობენ, გვერდი აუარონ სანქციებს აკრძალული საქონლის (მათ შორის, ფუფუნების საგნების) იმ ქვეყნებში გაგზავნის გზით, სადაც ასეთი შეზღუდვები არ არსებობს. ესეთი სახელმწიფოებია ცენტრალური აზიის ქვეყნები, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ჩინეთი. ომის დაწყების შემდეგ ამ ქვეყნებში ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
„ჩვენ ვესაუბრეთ ფინანსურ სექტორს და ვაწვდით ინფორმაციას კლიენტების და კომპანიების ზედამხედველობის შესახებ. თუ ისინი თანამშრომლობენ ასეთ რეგიონებთან, შიდა კონტროლის სისტემები უნდა გააჩნდეთ. როგორ შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ სანქციების თავიდან არიდებაში არ ხართ ჩართული? სწორედ ეს არის ერთ-ერთი კრიტერიუმი. კიდევ ერთი კრიტერიუმა თავად პროდუქტია. თუ თქვენ აწარმოებთ ისეთ პროდუქტს, რომელიც შეიძლება რუსულ მხარის მიერ პოტენციურად ომის მიზნებისთვის იყოს გამოყენებული, ამ შემთხვევაში დამატებითი კონტროლია საჭირო“, – აღნიშნა ლატვიის ცენტრალური ბანკის ფულის გათეთრებასთან ბრძოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კრისტაპს მარკოვსკისმა.
ლატვიის სახელმწიფო შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი ასევე ეჭვობს, რომ მეწარმეები სათანადო კეთილსინდისიერებას არ იჩენენ.
საზღვარზე ძნელია იმის დადგენა, ესა თუ ის პროდუქტი რეალურად, ვთქვათ, უზბეკეთის ბაზრისთვის არის განკუთვნილი თუ მისი საბოლოო დანიშნულების ადგილი ა. საეჭვო სიტუაციებში, საბაჟო სამსახური, შემოწმების მიზნით, მესამე ქვეყნებს უკავშირდება. წელს სექტემბრამდე 113 მოთხოვნა გაიგზავნა და უმეტეს შემთხვევაში (63%) ეჭვები დადასტურდა – საქონელი დანიშნულების ადგილამდე არ მისულა. ეს ინფორმაცია, შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი გახდეს.
Vid-ის საგადასახადო და საბაჟო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, არტურს კოვალენკო ამბობს, რომ ყურადღება, ძირითადად, გამახვილებულია მსხვილი დამრღვევების გამოვლენაზე, რომლებიც პროფესიონალურად ცდილობენ კლიენტებისთვის, სანქციების გვერდის ავლით, სერვისების შეთავაზებას.
„არის რამდენიმე საქმე, რომლის ფიგურანტმა ლატვიაში რეგისტრირებულმა კომპანიებმა, დეკლარანტებისა და ბროკერების მომსახურებისას, წინასწარ იცოდნენ, რომ ამით სანქციების გვერდის ავლას უწყობდნენ ხელს. ისინი ცდილობდნენ, ისე შეედგინათ საბუთები, რომ საბაჟო სამსახურს დამატებითი კითხვები არ ჰქონოდა. მადლობა ღმერთს, ამ სქემამ არ იმუშავა. ასეთი საქმეები სასამართლოშია გადაცემული“, – აღნიშნა არტურს კოვალენკომ.
სანქციების დარღვევისთვის სისხლისსამართლებრივი დევნის ფარგლებში, დღეისათვის, სახელმწიფოს სასარგებლოდ, 662 498,27 ევროს ღირებულების საქონელია ჩამორთმეული.
სანქციებისგან თავის არიდების საქმეები ახალი პრაქტიკაა ლატვიის სასამართლოებში. გასულ წელს, ამ სახის დანაშაულისთვის, სისხლის სამართლის 14 საქმე აღიძრა – მათ შორის, სანქცირებულ რუს პროპაგანდისტ დიმიტრი კისელევთან თანამშრომლობასთან და „სპუტნიკისა“ და „ბალტნიუსის“ ვებგვერდებზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციებთან დაკავშირებით. ამ საქმეებიდან ორი გასულ წელს პროკურორთან მორიგებით დასრულდა, წელს კიდევ სამი საქმე ჯარიმებისა და საზოგადოებრივი შრომის დაკისრების შემდეგ შეწყდა.
ასევე არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს კიდევ 2 გადაწყვეტილება, მაგრამ ისინი ძალაში ჯერ არ შესულა.
წყარო: 1 არხი