საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ მათი უფლებამოსილება როგორც წესი არ მოიცავს კონკრეტული პირების მომსახურების გაწევის შეჩერებაზე დავალებების გაცემას და რომ ბანკებმა აღნიშნული გადაწყვეტილება თავად ფინანსურმა ინსტიტუტებმა უნდა მიიღონ – ამის შესახებ ნათქვამია დეპუტატ რომან გოცირიძისთვის სებ-ის მიერ გაგზავნილი პასუხიდან.
ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი დაინტერესდა მოითხოვა თუ არა სებ-მა აშშ-ის მიერ სანქცირებული პირების ანგარიშების გაყინვა.
„16 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ზვიად ხარაზიშვილს, მილერი ლაგაზაურს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა.
საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის პირველი პუნქტით და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის პირველი პუნქტით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი სახის ინფორმაცია:
გასცა თუ არა მითითება საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისადმი ზემოთ აღნიშნული პირების საბანკო ანგარიშების გაუქმების (გაყინვის) შესახებ?”- ნათქვამია რომან გოცირიძის კითხვაში.
ეროვნული ბანკის პასუხში აღნიშნულია, რომ სებ-ი კონკრეტული ფიზიკური პირების შესახებ ინფორმაციას ვერ გაასაჯროებს და რომ ამისთვის სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებაა საჭირო. სებ-ი ასევე აცხადებს, რომ ის კონკრეტული პირებისა და ანგარიშების შესახებ ბანკებისთვის მითითებებს არ იძლევა.
“საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განიხილა თქვენი 2024 წლის 17 სექტემბრის №6032/3-17/24 წერილი, რომელთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ფიზიკური და იურიდიული პირების ანგარიშების ან/და ოპერაციების შესახებ ცნობები, აგრეთვე, მესამე პირების შესახებ ცნობები შეიძლება გაიცეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
ასევე, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილება, როგორც წესი, არ მოიცავს კონკრეტულ პირებთან/ანგარიშებთან დაკავშირებულ მითითებებს. ამასთან, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სანქციათა რეჟიმების დარღვევის/გვერდის ავლის რისკის შეფასება უნდა მოახდინოს თავად ფინანსურმა ინსტიტუტმა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება ტრანზაქციის განხორციელებასა და სხვა ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მოკლებულია შესაძლებლობას მოგაწოდოთ თქვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სანქციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის 2022 წლის 26 თებერვლის მითითებით საქართველოში მოქმედ საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს დაევალათ დაიცვან რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის მიმართ დაწესებული საერთაშორისო ფინანსური სანქციების მოთხოვნები. აღნიშნული რეჟიმები მოიცავს ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის (USA, EU, UK) მიერ დაწესებულ სანქციებს. აღნიშნული მითითებით გათვალისწინებული და სანქციებთან დაკავშირებით გასატარებელი სხვა ღონისძიებების შესახებ ვალდებულებები ასევე განსაზღვრულია „საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს №208/04 ბრძანებით, რომელიც ამოქმედდა 2023 წლის 9 აგვისტოს.
დამატებით, აღსანიშნავია, რომ ფინანსური სექტორის წარმომადგენლების ადგილზე და დისტანციური შემოწმების დროს, საქართველოს ეროვნული ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მათ შესაბამისობას საერთაშორისო სანქციებთან. მოწმდება ფინანსური სექტორის წარმომადგენლის მიერ სანქცირებული პირების გამოვლენისა და ტრანზაქციების შესწავლის საკითხი, ასევე, საერთაშორისო სანქციების დაცვის კუთხით შემუშავებული და დანერგილი კონტროლის მექანიზმები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით”, – ნათქვამია ეროვნული ბანკის პასუხში.