სანიოლი: 60 წუთის შემდეგ “ავიჭერით”, ფინალში მეტის გაკეთება მოგვიწევს

უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. თამაშის შემდეგ ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და შეხვედრა შეაფასა.
“გარკვეული სირთულეებისა და ემოციების მიუხედავად, პირველ ტაიმს კარგად ვაკონტროლებდით. 60 წუთის შემდეგ “ავიჭერით”, რასაც აუცილებლად გავაანალიზებთ. მსაჯმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ამასთან დაკავშირებით მეტოქეს პრეტენზიები არ უნდა ჰქონდეს. საბედნიეროდ, ბოლო წუთების გამო არ დავისაჯეთ, მაგრამ ფინალში მეტის გაკეთება მოგვიწევს.
კვარაცხელია ფინალში ძირითად შემადგენლობაში იქნება და არც სხვა ცვლილებებს გამოვრიცხავ. ჩემი ზოგიერთი საკადრო
გადაწყვეტილება, შესაძლოა, ყველასთვის მისაღები არ იყოს…
დავაკვირდები, ფეხბურთელები ძალებს როგორ აღიდგენენ, ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ. ამის შემდეგ მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება მომიწევს,ზივზივაძემ დუბლი შეასრულა და მიქაუტაძის თამაშითაც ძალიან კმაყოფილი ვარ.
ხაზგასმით უნდა ვთქვა, რომ მოთამაშის გუნდიდან მოკვეთა და განაცხადის შემცირება ადამიანურად რთულია. საბა საზონოვი კარგი ადამიანი და ფეხბურთელია, მაგრამ ახლა გუნდში ცოტას თამაშობს და ფეხბურთელი მზად უნდა იყოს 90 წუთი და უფრო მეტიც ითამაშოს. ამის შესახებ მასაც ვესაუბრე”, – განაცხადა სანიოლმა.
შეგახსენებთ, ფინალში, რომელიც 26 მარტს თბილისში გაიმართება, საქართველოს ნაკრების მეტოქე დღეს ათენში გაირკვევა, სადაც საბერძნეთი ყაზახეთს უმასპინძლებს.
საოცარია საზონოვი 90 წუთი არ არის მზად და შეცვლაზე ვერ ივარგებდა? შენგელია ხომ რას ამბობ დაფრინავს საბერძნეთში, ბოლო თამაშზე 90 წუთი სკამზე იჯდა სულაც, მაგრამ არ ითამაშა კარგად დღეს? ალოგიკური მსჯელობაა რბილად რომ ვთქვათ…