ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის პრესსპიკერი, ლევან სანიკიძე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ სპეცოპერაციებს ეხმაურება და მათ რეპრესიებს უწოდებს.
როგორც სანიკიძემ აღნიშნა, “არჩევნებამდე 2 დღით ადრე მსგავსი ტიპის რეპრესიები მიუთითებს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე, რომ ბიძინა ივანიშვილი არის სრულ ისტერიკაში.
“ჩვენ ვნახეთ გუშინ, თავისუფლების მოედანზე მისი მონური მოწოდებები, ამის ადგილი ამ ქვეყანაში აღარ იქნება. 26 ოქტომბრის საღამოს 8 საათზე, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ ახალი ქართული სახელმწიფოს დაბადება, სადაც არ არის ადგილი იმ ადამიანების, რომლებიც შიშზე, რეპრესიებზე, ამ ქვეყნის მომავლის წართმევასა და მტრისთვის ბოდიშის მოხდაზე არიან ორიენტირებული. ნამდვილად არ არის გასაკვირი რასაც აკეთებენ, უბრალოდ მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი მათ შორის დაგვიანებულია და მათი მისია ამ ქვეყნის გარუსების შესახებ არ შესრულდება”, – თქვა სანიკიძემ.
***
24 ოქტომბერს, თბილისის მასშტაბით ფინანსური პოლიცია რამდენიმე ლოკაციაზე შევიდა. ვაკე პლაზაში მდებარე ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ – 3 სართულზე მიმდინარეობს ჩხრეკა.
გარდა ამისა, ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტი სთენდაფერ ონისე ცხადაძისა და მისი ძმის სახლშიც შევიდა და ჩხრეკა ჩაატარა.
ჩხრეკა ჩატარდა ასევე ქუთაისში, მოქალაქე ვალერი ტყეშელაშვილის სახლშიც. ოჯახის თქმით, პოლიცია სახლში სასამართლო განჩინების გარეშე შევიდა და ჩხრეკას ისე ატარებდა. ვალერი ტყეშელაშვილის თქმით, გამოძიება მას ე.წ. ქოლცენტრებთან კავშირს ედავება, რასაც თავად უარყოფს.
აღსანიშნავია, რომ ჩხრეკები ჩატარდა Atlantic Council-ის თანამშრომლების სახლებშიც, რომლებიც საქმესთან არ არიან კავშირში. საუბარია სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილზე.