სანდრო რაქვიაშვილი – 9 პუნქტის შესრულება, გარდა მე-4 პუნქტისა, რაც არჩევნებს ეხება, შეუძლებელია – სასაცილო იქნება, „ოცნების“ დეპუტატებს დავავალოთ გააკონტროლოს სუს-ი, როცა სუს-ი აქეთ აკონტროლებს მათ

9 პუნქტის შესრულება, გარდა მე- 4 პუნქტისა, რაც არჩევნებს ეხება, შეუძლებელია, მაგალითად, სასაცილო იქნება, „ოცნების“დეპუტატებს დავავალოთ გააკონტროლოს სუს-ი, როცა სუს-ი აქეთ აკონტროლებს მათ, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ 9 პუნქტთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფები შეიქმნება, მისთვის საინტერესო საკითხებზე მსჯელობას დაესწრება. ასეთ თემად რაქვიაშვილი ეროვნული ბანკის საკითხს ასახელებს.
„დიდი განსხვავებაა 12 რეკომენდაციასა და იმ 9 პუნქტს შორის, რაც ახლა გვაქვს. ჩემი აზრით, ამ 9 პუნქტის შესრულება შეუძლებელია, გარდა იმ -4 პუნქტისა, რაც არჩევნებს ეხება, რადგან სასაცილო იქნება, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს დავავალოთ გააკონტროლოს სუს-ი, როცა სუს-ი აქეთ აკონტროლებს იმ დეპუტატებს. ასე შეიძლება ყველა სხვა პუნქტს მივყვეთ. ერთი მხრივ პარლამენტში კანონებზე მსჯელობა ნორმალურია და მაგალითად, თუ ეროვნულ ბანკზე წავა საუბარი, მე აუცილებლად დავესწრები. მაინტერესებს, რა შეიძლება მოიგონო კიდევ ისეთი, რომ ეროვნული ბანკი ფორმალურად დამოუკიდებელი იყოს. სინამდვილეში ევროპელებმა ის კი არ გვითხრეს, კანონი შეცვალეთო, არამედ გვითხრეს არაფორმალური მმართველობისგან გაათავისუფლეთ სებ-იო. ამ საკითხს რას უზამენ „ქოცები“ დიდი ინტერესით დავაკვირდები, მაგრამ მე არ მჯერა, რომ ეს პუნქტები შესრულდება, ჩვენი ერთადერთი ამოცანაა ჩავატაროთ და თუ ოპოზიცია გავიმარჯვებთ, დანარჩენი 8 პუნქტის შესრულების შანსი გამოჩნდება. სხვა შემთხვევაში, ევროინტეგრაცია იქნება გაჩერებული“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
ინფორმაციისთვის, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი მ 24 ნოემბერს განაცხადა, რომ ორშაბათისთვის (დღეისთვის) საბოლოო სახეს მიიღებს სამოქმედო გეგმა, რომელიც 9 პრიორიტეტის შესრულებასთან არის დაკავშირებული. მისივე თქმით, ამ გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება სამუშაო ფორმატების შექმნა, ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის მონაწილეობით.