სანდრო რაქვიაშვილი – პარტიებმა დაადასტურეს, რომ ისინი ბელადების პარტია არიან

ჩვენი პარტიის გარდა, ყველა სია ბელადების მიერ დაწერილია – სიებში მოხვედრილი ადამიანების უმეტესობის პოლიტიკურ პოზიციებზე არაფერი ვიცით, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა ჟურნალისტებთან საარჩევნო სიებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პარტიებმა დაადასტურეს, რომ ისინი „ბელადების პარტია“ არიან.
„ჩვენი პარტიის გარდა, ყველა სია ბელადების მიერაა დაწერილი. სიებში მოხვედრილი ადამიანების უმეტესობის პოლიტიკურ პოზიციებზე არაფერი ვიცით. აქედან გამომდინარე, მგონი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პარტიის სიაში ვინ წერია 22-ე ადგილზე და ვინ 37-ზე. ეჭვი მეპარება, ვინმემ „ქართულ ოცნებას“ ხმა იმის გამო მისცეს, რომ 47-ე ადგილზე ვიღაც წერია. პარტიებმა დაადასტურეს, რომ ისინი ბელადების პარტიები არიან. რაც შეეხება მიხეილ დაუშვილს, მათ პარტიაში ის ერთადერთი ადეკვატური ადამიანი იყო, ვიღაცებს არ ვიცნობ და მათზე ვერაფერს ვიტყვი. ის, რომ ლიდერი ასე უპატივცემულოდ მოიქცა, გახარიას ჩვეული მიდგომაა – უპატივცემულობა მოპყრობა თავისიანების მიმართ. ამიტომ, ადეკვატური ადამიანი არ მეგულება, ვინც მათ ხმას მისცემს, რადგან როცა თავისიანებს ასე ექცევა, სხვებს როგორ მოექცევა. სამწუხარო იყო, მაგრამ პროგნოზირებადი, რაც მიშა დაუშვილს დაემართა“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.