მე არ მესმის გეებმა “ქართულ ოცნებას” რა დაუშავეს, რით აწყენინეს და რით გააბრაზეს, რომ ასეთი გამწარებით ებრძვიან, – ამის შესახებ “გირჩის” წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
რაქვიაშვილის თქმით, გარდა იმისა, რომ საქართველოს მთავრობა ახლა არაადეკვატურად გამოიყურება, ასევე არასწორ და საშიშ პრეცედენტს ქმნის, რომ თავს ფილმის დაცენზურების უფლებას ანიჭებს.
“მე არ მესმის გეებმა “ქართულ ოცნებას” რა დაუშავეს, რით აწყენინეს და რით გააბრაზეს, რომ ასეთი გამწარებით ებრძვიან, მაგრამ ასეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მეტი არაფერი გამოუვიდათ. აგერ “აგენტების კანონზე” ასანქცირებენ, აფხაზეთს დავიბრუნებთო და რუსებმა უთხრეს, რომ ვერაფერსაც ვერ დაიბრუნებთო და გამოვიდა, რომ ტყუილად შემოაბრუნეს ქვეყანა რუსეთისკენ, სარგებელი არ მიიღეს, გამოვიდნენ გაბრაზებულები და გეებს დაერივნენ. ეს ჩანს, მაგრამ ამის უკან გარდა იმისა, რომ ჩვენი მთავრობა ახლა არაადეკვატურად გამოიყურება, არასწორ და საშიშ პრეცედენტს ქმნის, რომ თავის თავს ფილმის დაცენზურების უფლებას ანიჭებს. არც კი მესმის ეს იდეა თავში როგორ გაუჩნდათ და სირცხვილის გრძნობაც მაქვს, რომ ჩვენ საზოგადოებაში ამაზე მართლა უნდა დავიწყოთ საუბარი”, – აღნიშნა რაქვიაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ერთი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების ამსახველი კადრების გავრცელება მაუწყებლებს აეკრძალებათ. შეზღუდვა შეეხება კინოთეატრებში გასულ ფილმში მსგავსი შინაარსის კადრებსაც.
როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველი გუნდი კანონების პაკეტს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ აინიცირებს, რითაც რიგ კანონებში შევა ცვლილებები და ერთი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების პროპაგანდის შეზღუდვა, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც შეეხებათ.