მგონი გადაჭარბებული ყურადღება მივაქციეთ ერთი სენატორის ინიციატივას რამდენად სასიამოვნოც არ უნდა იყოს. მაგრამ თუ ეს ინიციატივა ოდესმე მართლა მაგიდაზე სერიოზულად დაიდება, მგონი არ მოიძებნება ადამიანი, ვინც გაბედავს და უარს იტყვის ამაზე, – ამის შესახებ პარტია „გირჩის” დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა ჟურნალისტებს Politico -ს ინფორმაციის შეფასებისას განუცხადა.
ამასთან, რაქვიაშვილის თქმით, აღნიშნული შემოთავაზება ამერიკის მხრიდან ეკუთვნის ერთ სენატორს, რომელიც ჯერჯერობით სერიოზულად აღქმული ვერ იქნება.
„მგონი გადაჭარბებული ყურადღება მივაქციეთ ერთი სენატორის ინიციატივას რამდენად სასიამოვნოც არ უნდა იყოს. მაგრამ თუ ეს ინიციატივა ოდესმე მართლა მაგიდაზე სერიოზულად დაიდება, მგონი არ მოიძებნება ადამიანი, ვინც გაბედავს და უარს იტყვის ამაზე. თუ აქეთ ვიზალიბერალიზაცია გვაქვს ამერიკასთან, თავისუფალი ვაჭრობა და სამხედრო დახმარება, უბრალოდ თუ ვინმე გაბედავს და იტყვის, რომ არ მინდა ეს ყველაფერი და “აგენტების კანონს” გადააყოლებს, მგონი იქვე, ვინც გვერდზე ედგება პირველი სცემს ამ ადამიანს და არც კი მოუწევს დიდი მიტინგების მოწყობა. ეს მართლა ძალიან მაგარი ამბავი იქნებოდა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ერთი სენატორის ინიციატივაა. ერთი ადამიანის ინიციატივა საკმარისი არ არის, რომ სერიოზულად იყოს აღქმული. თან „რესპუბლიკელია“ და სენატში უმცირესობა აქვთ „რესპუბლიკელებს“. ამიტომ, ასე მარტივად არ გამოვა. ეს თუ ორმხრივი, ორპარტიული იქნება მაშინ უფრო რეალური იქნება. ამიტომ არ გადავაჭარბოთ ამ ინიციატივის მნიშვნელობა.
ზუსტად ვიცი, რომ გასალახი იქნება ის ადამიანი, ვინც არ დათანხმდება ამ შემოთავაზებას. ღმერთმა ქნას, შემოგვთავაზონ”,- აღნიშნა რაქვიაშვილმა.
ცნობისთვის, Politico -ს ინფორმაციით, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს, თუ ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება. ამასთან, Politico-ს ცნობით, კანონპროექტის პირობების მიხედვით, რომელსაც „რესპუბლიკელი” ჯო უილსონი, კონგრესს წარუდგენს, აშშ საქართველოსთან „ძლიერი შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის“ გასახსნელად მოლაპარაკებებს დაიწყებს, თუ მნიშვნელოვანი პოლიტიკური კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოხდება.
გარდა ამისა, როგორც politico-ს გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს წარედგინება კანონპროექტი, რომლითაც საქართველოში რუსული სტილის „უცხოური აგენტების“ წარდგენაზე პასუხისმგებელ პირებს აქტივების გაყინვა და მოგზაურობის აკრძალვა ემუქრებათ.