მამუკა მდინარაძეს დაავიწყდა „გირჩი“ იმიტომ, რომ მართლა ერთადერთი და მთავარი კონკურენტი ვართ – ალტერნატივა ნამდვილად არსებობს, თუ ეს „ქოც-ნაცური“ ჩხუბი აღარ მოგწონს, აგერ ვართ ჩვენ, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, რითაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის დღევანდელი ბრიფინგი შეაფასა.
მისი თქმით, ქვეყანაში სულ სამი პარტია გვაქვს – „ნაცები“, „ქოცები“ და “გირჩი“.
„მამუკა მდინარაძეს დაავიწყდა “გირჩი”. იმიტომ დაავიწყდა, რომ მართლა ერთადერთი და მთავარი კონკურენტი ვართ. შეიძლება არ გვქონდეს 40%-იანი რეიტინგი, მაგრამ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი თუ დაგვინახავს წესიერად და „ქართული ოცნება“ არ იზამს იმას, რომ მაქსიმალურად დაგვბლოკოს სხვადასხვა გზით და არ მიგვიშვას თავის ამომრჩეველთან, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს დაკარგავს და ნაკლებ რეიტინგს მიიღებს. იმავეს აკეთებენ “ნაცები”, რომ არ მიგვიშვან თავის ამომრჩეველთან, რადგან შემთხვევით საღი აზრი სადმე არ გამოჩნდეს და დარჩეს ეს „ქოც-ნაცური“ დაპირისპირება. მართლაც ასეა, ქვეყანაში სულ სამი პარტია გვაქვს – „ნაცები“, „ქოცები“ და ჩვენ. დანარჩენები რომ ბოდიალობენ, შეიძლება „ქოცმოღალატეები“ იყვნენ, „ნაცმოღალატეები“, მაგრამ არაფერ შუაში არ არიან, არაფერს ემსახურებიან. იმედია, ქართველი ხალხი სათანადოდ შეაფასებს. ბოლოსდაბოლოს, თუ „ქოცები“: მოგწონს მიეცი ბიძინას ხმა, თუ მიშა გენატრება, მიშას უნდა მისცე, რაღა გვარამიას უნდა მისცე ხმა, მაგრამ თუ ეს „ქოც-ნაცური“ ჩხუბი აღარ მოგწონს, აგერ ვართ ჩვენ. ალტერნატივა ნამდვილად არსებობს და იმედია 10-დან 1 ადამიანი მაინც გაიგებს ამას“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.