სანდრო რაქვიაშვილი – არ შევუერთდებით ოპოზიციას საკონსტიტუციო სარჩელში – კომიკურად გამოიყურება, რასაც ოპოზიცია და პრეზიდენტი აკეთებს – არასამთავრობოების სარჩელი შემიძლია გავიგო, ისინი ასეთი სარჩელების წერაში ფულს იღებენ

ჩვენ არ შევუერთდებით ოპოზიციას ამ სარჩელში – ძალიან კომიკურად გამოიყურება ის, რასაც ოპოზიცია და პრეზიდენტი აკეთებენ – არასამთავრობოების სარჩელი კიდევ შემიძლია გავიგო, ისინი ფულს იღებენ, რომ ასეთი სარჩელები წერონ, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა ჟურნალისტებთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც დარწმუნდნენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მართვადია და არ არის დამოუკიდებელი, ყველა სარჩელი გამოიტანეს, სწორედ ამიტომ სარჩელის შეტანას არ აპირებენ.
„ჩვენ არ შევუერთდებით ოპოზიციას ამ სარჩელში. თავის დროზე, როდესაც დავრწმუნდით, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მართვადია და არ არის დამოუკიდებელი, ყველა სარჩელი გამოვიტანეთ. ამიტომ არ ვაპირებთ საერთოდ საჩივრის შეტანას. ძალიან კომიკურად გამოიყურება ის, რასაც ოპოზიცია და პრეზიდენტი აკეთებენ, რადგან პრეზიდენტი ვეტოს როდესაც ადებდა ამ კანონს, იქ მთელი ამბავი იყო ატეხილი, ღმერთმა დაგვიფაროს და ვეტოს დოკუმენტში რამე შენიშვნა ჩავწეროთ, რომ შემთხვევით ქოცებმა არ გაითვალისწინონო და ახლა საკონსტიტუციოში ფაქტობრივად, საუკეთესო გამოსავალს აძლევენ. თუკი რაიმე შანსი არსებობს და ბიძინა ივანიშვილს უნდა გამოძვრეს ამ სიტუაციიდან, ეს “აგენტების კანონი” უკან გაიწვიოს ან შეცვალოს, იდეალური ინსტრუმენტი ჩაუვარდებათ ხელში, რადგან საკონსტიტუციო ნებისმიერ გადაწყვეტილებას მიიღებს, მერე გმირულად ამას აღასრულებს პარლამენტი და იტყვიან, გვაქვს დემოკრატია, დამოუკიდებელი სასამართლო, კონტროლი ძალაუფლების ხელისუფლების შტოებს შორის და ა.შ“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.
მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან სარჩელი ბუნებრივი პროცესია, მაგრამ პარტიებსა და პრეზიდენტს პოლიტიკური პასუხისმგებლობა აქვთ წარსულ განცხადებებზე.
„არასამთავრობოების სარჩელი კიდევ შემიძლია გავიგო. ისინი ფულს იღებენ, რომ ასეთი სარჩელები წერონ. უბრალოდ გვეუბნებიან, რომ გამოვიყენეთ ყველა სამართლებრივი ინსტრუმენტი. ნუ ბოლოს და ბოლოს, სამსახურებრივი მოვალეობა შეიძლება უბიძგებდეთ მათ, რომ ეს გააკეთონ, ეს ერთი. მეორე, მათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ აქვთ ამ ნაწილში. პარტიებსა და პრეზიდენტს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ნამდვილად აქვთ, თუნდაც თავის წარსულ განცხადებებზე და ასე უპასუხისმგებლოდ რომ უდგებიან თავიანთ წარსულ განცხადებებს, ეს უკვე პრობლემაა. თორემ “ენჯეოები” რომ მიდიან სასამართლოში, ეს ბუნებრივი პროცესია მათთვის“, – აღნიშნა რაქვიაშვილმა.
ცნობისთვის, პრეზიდენტ ს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შევიდა.
ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეაქვთ.

ასევე დაგაინტერესებთ