სანდრო ელოშვილი: ეს ფოტო კი უკრაინაშია გადაღებული… მიდის პატარა კაცი, თავის მიწასთან გასწორებულ ქალაქში, დაბომბილი ბავშვობით… მიდის, მხოლოდ მან იცის სად და დედამიწა რომ ვერ დაიტევს, იმხელა სევდა მიაქვს…

რეჟისორი სანდრო ელოშვილი:
2014 წელს, ქალაქ ჰამას დაბომბვის შედეგად დაჭრილმა სამი წლის სირიელმა ბიჭუნამ, კლინიკაში ირგვლივ მდგომ ხალხს უთხრა – მე ყველაფერს მოვუყვები ღმერთს თქვენზე! – და… ცაში გაფრინდა.
ღმერთმა უწყის რამდენ თავის თანატოლთან ერთად და მიწა როგორ არ გვეწვის ფეხქვეშ, თუკი მართლა ზემოდან გვიყურებენ და ჩვენ მაინც ძველებურად ვაგრძელებთ…
როდესაც ხიროსიმაში ატომური ბომბი ჩამოაგდეს, ორი წლის სადაკო სასაკი სასწაულებრივად გადარჩა, მაგრამ ათი წლის შემდეგ რადიაციისგან ლეიკემია დაუდგინდა…
იაპონიაში სწამთ, თუკი 1000 ორიგამს, ანუ ქაღალდის წეროს გააკეთებ, ნატვრა აგისრულდება…
საავადმყოფოში სადაკომ დაიწყო წეროების კეთება და ქაღალდი თუ არ ჰქონდა წამლების ქაღალდებისგანაც კი აკეთებდა, იმ იმედით რომ გამოჯანმრთელდებოდა…
მხოლოდ 644 წეროს გაკეთება მოასწრო… დანარჩენი კი მისმა მეგობრებმა დაამზადეს და სადაკოსთან ერთად დაკრძალეს…
ეს ფოტო კი უკრაინაშია გადაღებული…
მიდის პატარა კაცი, თავის მიწასთან გასწორებულ ქალაქში, დაბომბილი ბავშვობით… მიდის, მხოლოდ მან იცის სად და დედამიწა რომ ვერ დაიტევს, იმხელა სევდა მიაქვს…
მიდის პატარა კაცი, ნაადრევად გაზრდილი და მისი ცრემლი ამძიმებს დედამიწას…
მიდის და როცა იქნება, აუცილებლად მოუყვება ღმერთს ჩვენზე…