სანდრო ბარამიძე – ყველა კითხვა დაკავშირებული იყო „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ საქმიანობასთან, მათ შორის ეკა გიგაურის აქციებში მონაწილეობასთან – ნებისმიერ საპროტესტო აქციაში მონაწილეობა მათთვის კრიმინალია

ყველა კითხვა დაკავშირებული იყო ან „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ზოგად საქმიანობასთან, ან „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენლების, მათ შორის ეკა გიგაურის საპროტესტო აქციებში ინდივიდუალურად მონაწილეობასთან ,- ამის შესახებ ე.წ. საბოტაჟის მცდელობის საქმეზე, მოწმის სახით, მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე გამოსაკითხად დაბარებული, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის ადვოკატმა, სანდრო ბარამიძემ ჟურნალისტებს გამოკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისივე თქმით, ნებისმიერ საპროტესტო აქციაში მონაწილეობა „მათთვის კრიმინალია, სინამდვილეში კი არის გამოხატვის და შეკრების თავისუფლებით სარგებლობა“.
„ყველა კითხვა დაკავშირებული იყო ან „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ზოგად საქმიანობასთან, ან „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენლების, მათ შორის ეკა გიგაურის საპროტესტო აქციებში ინდივიდუალურად მონაწილეობასთან. როდესაც ვამბობდი, რა კავშირშია საბოტაჟთან, ან უცხო სახელმწიფოსთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებასთან, რითაც თითქოს არის გამოძიება დაწყებული და უშედეგოდ მიმდინარეობს, პასუხი იყო კი, დაკავშირებული არისო. ნებისმიერ საპროტესტო აქციაში მონაწილეობა მათთვის კრიმინალია, სინამდვილეში არის გამოხატვის და შეკრების თავისუფლებით სარგებლობა. ეს არის ძირეული განსხვავება მათ და ჩვენს პოზიციას შორის“,- აღნიშნა ბარამიძემ .
ცნობისთვის, 27 აგვისტოს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნული იყო, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ (ა)იპ „სამართლიანი სა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” , ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის”, ა(ა)იპ „დემოკრატიის მცველების” , ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” , ა(ა)იპ „საფარის” , ა(ა)იპ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ საბანკო ანგარიშებზე ყადაღების დადების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას. მოგვიანებით, საქართველოს პროკურატურამ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა.