სანდრო ბარამიძე – სახეზეა უპრეცედენტოდ რეპრესიული რეჟიმი, რომლის მსგავსი საქართველოს 1920-1930 წლების შემდგომ არ ჰყოლია

ეს არის სრულმასშტაბიანი დიქტატურა, – ასე შეაფასა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერმა, სანდრო ბარამიძემ ოპოზიციონერი ლიდერების დაკავება.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, ხელისუფლება ებრძვის დემოკრატიის საყრდენს, რაც არის პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება და კრიტიკულ მედია.
„დე ფაქტო ხელისუფლება ფრონტალურ შეტევას ერთდროულად სამი მიმართულებით, დემოკრატიის სამივე ფუნდამენტური საყრდენის წინააღმდეგ ახორციელებს, ესენია: პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება და კრიტიკული მედია. ყველას მიმართ ეს შეტევა ხორციელდება საკანონმდებლო თვალსაზრისით იმიტომ, რომ უკვე მიღებული აქვს ანტიდემოკრატიული კანონები, სამართლის უზენაესობის ელემენტარული პრინციპების დამრღვევი. ამ კანონების საფუძველზე აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების მიერ განხორციელებული ანტიდემოკრატიული ქმედებები ხორციელდება. ეს უკვე პოლიტიკური პარტიების მიმართ თვალსაჩინოა იმიტომ, რომ არაერთი პოლიტიკური ლიდერი უკვე ციხეში არის, ზოგი განაჩენით, ზოგი განაჩენს ელოდება, მაგრამ ცხადია, მათაც იგივე ვერდიქტს გამოუტანს მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო, როგორც უკვე გამოიტანა ხაზარაძე, ჯაფარიძის, ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძის წინააღმდეგ. ეს არის უპრეცედენტოდ რეპრესიული რეჟიმი, რომლის მსგავსი ჩვენ 1920-1930 წლების შემდგომ არ გვყოლია. მათ სჭირდებათ ლიდერების ციხეში ყოფნა, რომ საზოგადოებას შეეშინდეს და გაჩუმდეს“, – განაცხადა ბარამიძემ.
მისი განცხადებით, „ხელისუფლების დე-ფაქტო რეჟიმი საქართველოს ინტერესების საზიანოდ მოქმედებს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო დემოკრატიული სამყაროსგან იზოლაციაში აღმოჩნდეს“.
სანდრო ბარამიძის განცხადებით, ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებსაც ებრძვის და არ არის გამორიცხული, მათ მიმართაც სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს.
„მესამე სექტორის მიმართ შეტევა უკვე დაწყებულია. მოგეხსენებათ, 7 არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ, მათ შორის ჩვენი ორგანიზაციის, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიმართ ე.წ. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, რომელიც კორუფციის დამცავი ბიურო უფრო არის სინამდვილეში, შეიტანა სასამართლოში შუამდგომლობა და სასამართლომ მისი შუამდგომლობა ე.წ. ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე დააკმაყოფილა, თუმცა, ჩვენ გავასაჩივრეთ პირველი ინსტანციის სასამართლოს ბრძანებები და სააპელაციო სასამართლოს განჩინებებს ველოდებით. ცხადია, მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოსგან კარგს არაფერს ველით, მაგრამ ასე მარტივი არ არის ჩვენთან ბრძოლა, თუნდაც იურიდიული თვალსაზრისით. ვნახოთ, რა გაუვათ, როგორ წავლენ კიდევ უფრო შორს“, – განაცხადა ბარამიძემ.
გარდა ამისა, ის „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში დაგეგმილ ცვლილებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზსა და სასამართლოს ეზოში ფოტო-ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელი იქნება. სანდრო ბარამიძის შეფასებით, „ქართული მართლმსაჯულება არის ხელისუფლების პოლიტიკური ნების ყურმოჭრილი ყმა, რაც არაერთი გადაწყვეტილებით არის დამტკიცებული“.
„ქართული ოცნება“ სრულმასშტაბიან დიქტატურას ამყარებს. ცხადია, სასამართლოში არავითარი საჯაროობა არ სჭირდება, რადგან არავინ დაინახოს, როგორ ახორციელებენ ცრუ მართლმსაჯულებას, მართლმსაჯულების შარჟს მურუსიძე-ჩინჩალაძის მიერ დანიშნული მოსამართლეები. ეს რომ არ დაინახოს საზოგადოებამ და მეხსიერებას არ შემორჩეს, არ შემორჩეს ისტორიას არქივების სახით, სწორედ ამისთვის ხურავენ. რაც შეეხება გადაბრალებას, ბოლშევიკებიც ასე ვიღაც სხვას აბრალებდნენ მუდმივად თავიანთ დიქტატურას“, – განაცხადა ბარამიძემ.
ამასთან, მან „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებიც შეაფასა, რომელიც 25 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. სანდრო ბარამიძის შეფასებით, „ხელისუფლებას აღიზიანებს სიტყვის თავისუფლება და საზოგადოებისთვის სიმართლის თქმა“.