სანდრო ბარამიძე – საკონსტიტუციო სასამართლოს არ გააჩნია მანდატი, განიხილოს სარჩელი, რომელიც ფიზიკური პირებისთვის პოლიტიკურ საქმიანობას კრძალავს – თუ სასამართლო „ოცნების“ სარჩელს წარმოებაში მიიღებს, დაარღვევს კონსტიტუციას

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერის, სანდრო ბარამიძის განცხადებით, პარტიების და მასთან დაკავშირებული პირების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებები ანტიკონსტიტუციურია.
როგორც ბარამიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ ბრიფინგზე აღნიშნა, მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები საგანგაშოა.
„საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციით არ გააჩნია მანდატი, რომ განიხილოს სარჩელი, რომელიც ითვალისწინებს ფიზიკური პირებისთვის პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობას, პარტიის წევრობას, პასიური საარჩევნო უფლების ხმის მიცემის ქონას და ასე შემდეგ. თუ საკონსტიტუციო სასამართლო მაინც მიიღებს „ქართული ოცნების“ სარჩელს წარმოებაში, ამით უკვე დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას. მეორე საკითხია ის, რომ თუკი სარჩელი მაინც იქნება წარმოებაში მიღებული და შემდგომ დაკმაყოფილებული, არც ამას ექნება კონსტიტუციური საფუძველი იმიტომ, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს არცერთ მატერიალურ, სამართლებრივ ნორმას, რომლის საფუძველზეც პირს შეიძლება აეკრძალოს არჩევნებში ან საერთოდ, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა. მთლიანად სარჩელის წარმოებაში მიღებაც და მერე განხილვაც, მით უმეტეს მისი დაკმაყოფილება იქნება ანტიკონსტიტუციური იმ ორგანოს მიერ, რომელიც თითქოს იმისთვის არის შექმნილი, რომ ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი უზრუნველყოს. ეს არ ეხება მარტო პარტიებს, პარტიის აქტივისტებს, მარტო იმ ხალხს, ვინც პოლიტიკაში მონაწილეობს, ეხება საქართველოს თითოეულ მონაწილეს, თითოეულ ამომრჩეველს“, -განაცხადა ბარამიძემ.
მისი განმარტებით, ამით საქართველოს ასი ათასობით ამომრჩეველს ხმის უფლება წაერთმევა.
„იმ ხალხს, რომლებიც არ ვაძლევთ არჩევნებში ხმას „ქართულ ოცნებას“, არჩევანი აღარ ექნება, რომ ვინმე სხვას მისცენ ხმა. თავად განსაჯეთ, როგორი იქნება ასეთ შემთხვევაში- ნებისმიერი , რომელსაც „ქართული ოცნება“ ჩაატარებს“, – განაცხადა სანდრო ბარამიძემ.
პარლამენტმა გასულ სასესიო კვირას დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება და არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალებათ.
ცვლილებები “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში, “საარჩევნო კოდექსში“ და “სისხლის სამართლის კოდექსში“ აისახა.
საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კონკრეტული პარტია აიკრძალება, აკრძალული პარტიის წევრებს და მასთან დაკავშირებულ პირებს არ ექნებათ შესაძლებლობა პასიური საარჩევნო უფლებით ისარგებლონ – მათ აღარ შეეძლებათ იყვნენ არჩეული პარლამენტსა და მუნიციპალიტეტებში. ამავდროულად, შეეზღუდებათ კონსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელი თანამდებობების დაკავების უფლება, ვეღარ შეძლებენ გახდნენ სხვა პარტიის წევრები. ასევე ვერ გახდებიან სხვა პარტიების შემომწირველები.
ამასთან, პარტიას, რომელიც ასეთ პირებს საკუთარ რიგებში გააწევრიანებს, „სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული პასუხისმგებლობა – ჯარიმა დაეკისრება.
ახალი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე “ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას და როგორც კონკრეტული პარტიების აკრძალვას, ასევე მათთან დაკავშირებული პირებისთვის ზემოთ ჩამოთვლილი უფლებების აკრძალვის მოთხოვნას აპირებს.