“სანდომის” ტკბილეული ექსპორტზე ისრაელში გავიდა – როგორია კომპანიის შედეგები/გეგმები?

საკონდიტრო “სანდომმა” ტკბილეული ექსპორტზე გაიტანა. როგორც BM.GE-ს კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, თეკლა თალაკვაძემ განუცხადა, პროდუქტი ს ბაზარზე გავიდა და სამომავლოდ, სხვა ქვეყნებში ექსპორტიც იგეგმება.
კომპანიაში სიახლეა სნექის ხაზი, რომელსაც “სანდომი” აფართოებს.
თეკლა თალაკვაძემ მიმდინარე წლის შედეგების და გეგმების შესახებ BM.GE-სთან ისაუბრა.
– როგორი წელი იყო “სანდომისთვის”, რამდენად კმაყოფილი ხართ შედეგებით?
კომპანიისთვის საკმაოდ ნაყოფიერი წელი იყო, ყოველ წელს იზრდება პროდუქტზე მოთხოვნა, შესაბამისად გაყიდვებიც გაზრდილია. ასევე, მიმდინარე წელი დატვირთული იყო სიახლეებით.
– რა სიახლეები გაქვთ ასორტიმენტის ნაწილში, წინასაახალწლოდ რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
ასორტიმენტის ნაწილში გვაქვს სიახლე – სნექის ხაზი. ესაა ბრეცელი, მარილიანი ჩხირები, სხვადასხვა არომატის კრეკერები, ასევე ტკბილი. იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ქართული ბაზარი გაჯერებულია ამ სახეობის იმპორტირებული ნაწარმით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქართული პროდუქტი შევთავაზოთ მომხმარებელს.
წლებია უკვე, რაც სანდომის გოზინაყი ახალი წლის განუყოფელ ნაწილად იქცა. უკვე გაყიდვაშია გოზინაყი არაქისით და ნიგვზით.
– როგორ შეიცვალა წელს პროდუქციის ფასები, მათ შორის გოზინაყის ღირებულება თუ გაიზარდა?
გოზინაყზე ცოტა ფასის ცვლილება არის, თუმცა არც ისე მნიშვნელოვანი. შევეცადეთ, არ ასახულიყო მკვეთრად, მაგრამ ნედლეულის გაძვირებამ ეს მაინც გამოიწვია.
– როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები და მოლოდინები 2025 წლისთვის?
ვაფართოებთ სნექის ხაზს, ასევე, პრიორიტეტში გვაქვს ვაფლების ასორტიმეტის გაფართოება, ესაა შეფუთული ევროპული ვაფლის ხაზი, სხვადასხვა არომატით. ვგეგმავთ ტყლაპის ხაზის ასორტიმენტის გაფართოებასაც.
– ექსპორტის მიმართულებით რა სიახლეები და გეგმები გაქვთ?
ექსპორტზე გავედით რამდენიმე თვეა ისრაელში, ჩვენი ტკბილეულით: ვაფლები, ფხვიერები, შოკოლადიანები. საკმაოდ დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა პროდუქტმა. გვაქვს დაინტერესება სხვა ქვეყნებიდანაც და იგეგმება გატანა.