სანატორიუმ „უშიშროებაში“ მფლობელმა კომპანიამ სარეაბილიტაციო ცენტრი უნდა მოაწყოს – საინვესტიციო ვალდებულება არანაკლებ 18 მლნ ლარია

რისი გაკეთება იგეგმება სანატორიუმ „უშიშროებაში“ – ქონების ეროვნული სააგენტო ინფორმაციის მიხედვით, საინვესტიციო ვალდებულებების თანახმად მფლობელმა კომპანიამ არანაკლებ 60 თვის განმავლობაში სანატორიუმ „უშიშროების“ ადგილას უნდა განათავსოს სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც არანაკლებ 40 ადამიანის მომსახურებას შეძლებს. ჯამური საინვესტიციო ვალდებულება არანაკლებ 18 707 500 ლარია, რომელიც ასევე 5 წლის ვადაში უნდა ჩადოს.
სანატორიუმი „უშიშროება“ შპს „ტანდემ ესთეიტიმ“ იყიდა. კომპანიის მფლობელია გერმანიის მოქალაქე ვიქტორ იგნატიევი.
წყალტუბოს კურორტის აღდგენისა და განვითარების კონცეპტუალური გეგმის ფარგლებში, საჭირო ინვესტიციების მოსაზიდად, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ბიზნეს სექტორს წყალტუბოს 14 ყოფილი სანატორიუმის საპრივატიზებო პაკეტი წარუდგინა, რომელთა ღირებულება 50 მლნ ლარს შეადგენს. დღეის მდგომარეობით უკვე პრივატიზებულია ყოფილი სანატორიუმები „თბილისი“, „მედეა“, „წყალტუბო“, „ივერია“, „სამგურალი“ და „უშიშროება“. გაყიდული ობიექტების ჯამურმა ღირებულებამ 31 257 300 ლარი შეადგინა. ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, დარჩენილი სანატორიუმების პრივატიზების პროცესი აქტიურად გრძელდება.