სანაპიროზე, მშვიდობის ხიდთან, გზა გადაკეტილია “ალტ-ინფოს” აქციის გამო

მშვიდობის ხიდთან, სანაპიროზე, სამანქანე გზა გადაკეტილია. პრორუსული, ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი „კონსერვატიული მოძრაობა“, რომელიც საზოგადოებაში „ალტ-ინფოს“ სახელითაა ცნობილი, „ქართული ოცნების“ ოფისთან ე.წ. გამაფრთხილებელ აქციას მართავს.
აქციაზე შეკრებილები საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც რეესტრმა 8 აპრილს პარტიას რეგისტრაცია გაუუქმა.
პარტიის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლა ანტიკორუფციულმა ბიურომ მოითხოვა, საჯარო რეესტრმა კი გადაწყვეტილება ამ მიმართვის საფუძველზე მიიღო.
რამდენიმე დღის წინ „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ ცესკოს 2024 წლის არჩევნებისთვის რეგისტრაციის გასავლელად მიმართა და რამდენიმე ათასი ხელმოწერაც შეიტანა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ მაშინ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პროცედურული ნაწილის გავლის შემდეგ საარჩევნო კომისიის ვებსაიტზე რეგისტრაციის შესახებ დადგენილების გამოქვეყნებას ელოდებოდნენ.
საქართველოში არაერთი აქცია ჩატარებულა „კონსერვატიული მოძრობის“ ლიდერების ორგანიზებით, მათ შორის, 2021 წლის 5 ივლისს, როდესაც დედაქალაქში “ღირსების მარში” უნდა გამართულიყო. იმ დღეს „ალტ-ინფოს“ მოწოდებით ქუჩაში ათასობით ადამიანი შეიკრიბა, მათ იძალადეს 50-ზე მეტ ჟურნალისტზე.