მკვლევრები გაოგნებულები დარჩნენ, როდესაც შოტლანდიის კოლისტონის სანაპიროზე რვაფეხას უიშვიათესი სახეობის გამორიყული ნეშტი იპოვეს, მას მხოლოდ შვიდი საცეცი ჰქონდა.
ფოტოებმა ინტერნეტში აჟიოტაჟი გამოიწვია.
უჩვეულო, ღრმა ზღვის არსება ადგილობრივმა მაცხოვრებელმა 30 ნოემბერს აღმოაჩინა. კვლევის შემდეგ დადგინდა, რომ ნაპოვნი ზღვის ბინადარი სეპტოპუსის სახეობას მიეკუთვნება.
„ჩვენ აშკარად არასდროს გვინახავს მსგავსი რამ“, – განუცხადა BBC-ს კატრიონა რიდმა, ფორვის ეროვნული ნაკრძალის მენეჯერმა, სადაც უჩვეულო არსება აღმოაჩინეს.
რიდის თქმით, თანამშრომლებმა შენიშნეს, რომ გამორიყულ სხეულს “უცნაურად დიდი დიამეტრი და დიდი შემწოვი ჭიქები“ ჰქონდა – ის ძალიან დიდი იყო ამ ტერიტორიაზე ხშირად გავრცელებულ ტიპურ რვაფეხასთან შედარებით.
თავდაპირველად ეგონათ რომ გიგანტური კალმარი იპოვეს, თუმცა დაკვირვებამ სხვა რამ აჩვენა.
იდუმალი არსების ფოტოების რამდენიმე დაწესებულებაში, მათ შორის აბერდინის უნივერსიტეტის ზოოლოგიის დეპარტამენტში გაგზავნის შემდეგ, გუნდმა შეძლო შვიდსაცეციანი რვაფეხას იდენტიფიცირება.
ეს მოლუსკი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც სეპტოპუსი, პლანეტის ერთ-ერთი უდიდესი რვაფეხაა, რომლის სიგრძე დაახლოებით 3.3 მეტრს აღწევს.
ისინი ღრმა წყლებში, თვალუწვდენელ ადგილებში ბინადრობენ და იმდენად იშვიათია, რომ ბოლო 40 წლის განმავლობაში მხოლოდ ოთხი ცოცხალი ეგზემპლარი ნახეს.
სეპტოპუსს როგორც წესი რვა კიდური აქვს. თუმცა, მამრები მერვე კიდურს – რეპროდუქციულ ორგანოდ იყენებენ და მდედრების კვერცხუჯრედების განაყოფიერებას აწარმოებენ. მერვე საცეცს ისინი მარჯვენა თვალის უკან მდებარე ჯიბეში მალავენ.
დოქტორმა ლორენ სმიტმა, კვლევითი ორგანიზაციის „Saltwater Life“-ის საზღვაო ბიოლოგმა, ნამსხვრევებს „არაჩვეულებრივი აღმოჩენა“ უწოდა, თუმცა გაოგნებული დარჩა, თუ როგორ აღმოჩნდა ასეთი ღრმა ზღვის არსება ნაპირზე.
წყარო:
www.ambebi.ge




