სანამ საზოგადოების ეკონომიკური მდგომარეობა იმ დონეზეა, რომ ქუჩაში გამოტანილი მტვრიანი, მაგრამ იაფი პროდუქტის შეძენა ურჩევნია, გარე ვაჭრობის აკრძალვა არასწორია – იურისტი
უნდა იკრძალებოდეს თუ არა გარე ვაჭრობა – რადიო „კომერსანტის“ ეთერში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იურისტმა ბადრი გრიგალაშვილმა ისაუბრა.
ბადრი გრიგალაშვილი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს, პირველ რიგში, მორალური მხარის გათვალისწინება უნდა ხდებოდეს. მისი თქმით, არავის, მათ შორის, არც სახელმწიფოს, არ აქვს მორალური უფლება, გაჭირვებულ ადამიანებს გადაუწყვიტოს, სად და რომელ ქუჩაზე რით ივაჭროს.
„ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ადამიანების ეკონომიკური მდგომარეობა არ არის იმ დონემდე მისული, გვქონდეს ფუფუნება, ვინმეს რამე აუკრძალო. ძირითადად, ორი არგუმენტი გვესმის ხოლმე გარე ვაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით. პირველი – ეს არის იერსახე, რომ თითქოს არსებობს ჩვენს ქუჩებში ისეთი იერსახე, რომელიც გარკვეული კრიტერიუმებით ვიღაც ბიუროკრატმა დაადგინა და მის შელახვას ჯობია, ადამიანებს თავის რჩენის საშუალება მოვუსპოთ. მეორეა გადაადგილების არგუმენტი, რაც ჩემი აზრით, თითიდან გამოწოვილია, რადგან არ მგონია, ვინმეს დიდად რამეში ხელი ეშლებოდეს.
ეკონომიკის ანაბანაა, რომ მოთხოვნის გარეშე მიწოდება არ ჩნდება. შესაბამისად, სანამ ჩვენი საზოგადოება ეკონომიკური მდგომარეობის იმ დონეზეა, რომ თანახმაა, ქუჩაში გამოტანილი მტვრიანი ქათამი იყიდოს უფრო იაფად, ვიდრე მაღაზიაში, არც აკრძალვაა სწორი და ვერც მოახერხებ, რადგან რაც უნდა ებრძოლო, მიწოდება მაინც გაჩნდება“, – აცხადებს ბადრი გრიგალაშვილი.




