“დინამოს გულშემატკივარი ყოველთვის ვიყავი და ჩემი წარმატება ამ კლუბიდან დაიწყო. მე არ მაქვს ინტერესი, რომ დინამო თბილისი შევიძინო, უბრალოდ, ამის ფინანსური შესაძლებლობა არ მაქვს.
შეიძლება რაღაც იყიდო, მაგრამ ამას უდიდესი პასუხისმგებლობა მოსდევს, რომ იყოს გამართული. მე ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, თუ რაღაცას ხელს ვკიდებ, მინდა, რომ მაქსიმალურად საუკეთესოდ გაკეთდეს და საუკეთესო შედეგები მივიღო. ამიტომ ისეთ ნაბიჯს არ გადავდგამ, რომელიც შეიძლება პრობლემური იყოს ან ვერ გაკეთდეს”.
“არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა. მარტო შეძენა ხომ არ არის. ამას უამრავი თანხის ინვესტიცია სჭირდება, რომ ყველაფერი
გამართული იყოს. მე მხედველობაში მაქვს, რომ ისეთი გუნდი გაკეთდეს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. რა მდგომარეობაშიც არის დღეს დინამო თბილისი, მე უბრალოდ ამას ვერ და არ გავაკეთებ, რომ გუნდი იმავე მდგომარეობაში მყავდეს. მე არ მაქვს ამის შესაძლებლობა“.
“საუბარი იყო დიღმის საწვრთნელი ბაზის დანგრევაზე და კორპუსების მშენებლობაზე. ეს უბრალოდ გამაოგნებელია. მოვისმინე განცხადება სოციალურ ქსელში. თავისი წარსულიდან გამომდინარე, ვოვა გუცაევს უდიდეს პატივს ვცემ, უდიდესი ფეხბურთელი იყო. უბრალოდ ეს დამოკიდებულება, რომ დიღმის საწვრთნელი ბაზა დავანგრიოთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაა და რომელსაც შვილივით გაფრთხილება სჭირდება, აბსოლუტურად გაუგებარია.
მე პირდაპირ ვიტყვი: – სანამ დედაქალაქის მერი ვარ, არ იქნება ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რომ ის სიამაყე, რაც გააჩნია ქართულ ფეხბურთს – დიღმის საწვრთნელი ბაზის სახით, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, დაინგრეს. ამას არასდროს გავაკეთებ.
ამ ადგილმა უამრავი უნიჭიერესი თაობა გამოზარდა. მისი დანგრევა კატეგორიულად მიუღებელია. არავის ვურჩევ, რომ ამ ბაზაზე ხელი ასწიოს და მისი დანგრევა მოახდინოს. თუ ვინმეს ახალი ბაზის აშენება უნდა, ამაში ვინ ზღუდავს? უამრავი ტერიტორია და შესაძლებლობაა, სადაც ამის გაკეთება შეიძლება. ეს ბაზა კი არის ისტორია, რომელიც დედაქალაქს და ჩვენს ქვეყანას უნდა დარჩეს“…
წყარო: პრაიმტაიმი