,, სანამ დათვის ტყავის გაყოფაზე გეგმებს დააწყობ, ჯერ საჭიროა დათვის მოსაკლავი გეგმის შემუშავება” – ზურაბ გურული

აშშ-ში მცხოვრები ექიმი, სოციალურ ქსელში წერს:
,,ჩემი მოკრძალებული აზრით:
ა) სხვის მიერ შექმნილ პოლიტიკურ კონტექსტში საკუთარი პოლიტიკური კონტექსტის ჭეშმარიტებებით შესვლა აბსურდია; განზომილებათა აღრევაა.
ბ) იმისათვის, რომ საკუთარი პოლიტიკური არგუმენტები ჭეშმარიტებად აქციო, უნდა შეცვალო კონტექსტი და არა იხმალაო მათი მეშვეობით სხვის კონტექსტში, სადაც ეს არგუმენტები სრულ აბსურდს წარმოადგენენ.
——-
ვინაიდან ფილოსოფიური ენით ნაწერი ზოგჯერ გაუგებარია, გავშიფრავ ამ ორ აქსიომას:
ა) პოკერის მაგიდას თუ მიუჯდებით, “დურაკას” წესებით ვერ ითამაშებთ; სისულელეა;
ბ) თუ მხოლოდ “დურაკას” წესები იცით, პოკერის მოთამაშეებს პოკერის წესებზე კი ნუ დაუწყებთ კამათს, შეეცადეთ აიძულოთ ისინი, რომ “დურაკა” გეთამაშონ. თუ ვერ აიძულებთ, მაშინ შეეშვით, თორემ ბოლოს აუცილებლად გაგლახავენ.
——
თუ და როცა ამ მარტივ აქსიომებს გავიაზრებთ, მერე შეგვიძლია გადავიდეთ კიდევ უფრო მარტივ აქსიომებზე:
ა) სანამ დათვის ტყავის გაყოფაზე გეგმებს დააწყობ, თუნდაც იდეალურს, ჯერ საჭიროა დათვის მოსაკლავი გეგმის შემუშავება.
ბ) თუ დათვის მოსაკლავად დათვის მიერ შემუშავებულ წესებზე აგებული გეგმით წახვალ, მაშინ არ გაგიკვირდეს, თუ დათვის უკანალში აღმოჩნდები.”