სანათებისა და სუფრების მწარმოებელი ქართული სტარტაპი „სოკო სტუდიო“ წლის ბოლომდე სახელოსნოს გახსნას გეგმავს

ხელნაკეთი სანათებისა და სუფრების მწარმოებელი ქართული “სოკო სტუდიო” წლის ბოლომდე სახელოსნოს გახსნას გეგმავს.
როგორც სტარტაპის თანადამფუძნებელი ნინო ფრანგულაშვილი “ბიზნესპარტნიორთან” აცხადებს, სახელოსნო თბილისში გაიხსნება, თუმცა კონკრეტული ლოკაციის მოძიებაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
მისივე ინფორმაციით, კომპანიის გაყიდვები გახსნის დღიდან – დღემდე დაახლოებით, 30%-ით გაიზარდა.
“ჩვენი სტარტაპი ბაზარზე წინა წელს გამოჩნდა. ჩვენ გვაქვს ჩვენივე ხელით შექმნილი აბაჟურები, სადგამებსაც ჩვენივე დიზაინით ხის მასალისგან ვამზადებთ. გვაქვს როგორც დაპრინტული ჭაღები და აბაჟურები, ისე ხელით მოხატული. სამომავლოდ ძალიან ბევრი პროდუქციის დამატება გვსურს, რაც სახლის დეკორს ეხება. დიზაინი არის აბსოლუტურად უნიკალური, რადგან ყველა დიზაინი ჩვენი ხელით იქმნება.
“სოკო სტუდიოს” პროდუქციამ დიდი მოწონება დაიმსახურა ბაზარზე. ჩვენი მომხმარებლები ადგილობრივები არიან. რაც შეეხება ნედლეულს – ყველაფერს ადგილობრივ ბაზარზე ვიძენთ და განსხვავებულ პროდუქციას ვქმნით”, – აცხადებს ნინო ფრანგულაშვილი.
მანვე აღნიშნა, რომ “სოკო სტუდიოს” პროდუქცია ძირითადად ონლაინ იყიდება, თუმცა ასევე, მათი პროდუქცია თბილისის 2 მაღაზიაშია წარმოდგენილი. მაგალითად, ერთ-ერთში კოლაბორაციით შექმნილი ექსკლუზიური სანათებია.
ცნობისთვის, სტარტაპი “სოკო სტუდიო” ბაზარზე 2024 წლის აგვისტოში გამოჩნდა და ინტერიერის დეკორებს აწარმოებს.