სამჯერ მოვინახულეთ ნინო დათაშვილი – სახალხო დამცველის აპარატი

სახალხო დამცველის ოფისი ავრცელებს განცხადებას, რომელშიც წერს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში სამჯერ მოინახულა თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული აქტივისტი და პედაგოგი ნინო დათაშვილი, რომლის ახლობლებიც შეშფოთებული არიან ციხეში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით და ითხოვენ მის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას.
ომბუდსმენი პატიმრის თხოვნით არ ავრცელებს ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თუმცა წერს, რომ სხვადასხვა საკითხზე რამდენიმე მიმართვა გაუგზავნა შესაბამის სახელმწიფო უწყებებს. ჩამოთვლილი უწყებებიდან ჩანს, რომ დათაშვილს პრეტენზიები აქვს თავისი უფლებების დარღვევის ფაქტებზე და საჭიროებს ექიმების დახმარებას.
“შეხვედრისას ნინო დათაშვილმა რწმუნებულებთან სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, რის შესახებაც, სახალხო დამცველის აპარატმა, რეაგირების მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტს მიმართა”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. აქვე დაკონკრეტებულია, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულებმა დათაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულეს 2025 წლის 27 ივნისს, 11 და 16 ივლისს.
აქტივისტსა და პედაგოგს ბრალად ედება საჯარო მოხელეზე თავდასხმა იმ დროს, როდესაც ის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. ანუ, თუკი ნინო დათაშვილს ბრალი დაუმტკიცდა, მას უკეთეს შემთხვევაში დააჯარიმებენ, უარესში კი დააპატიმრებენ 4-დან 7 წლამდე ვადით.
საქმე ეხება 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარს. იმ დღეს ოპოზიციური პარტიის წევრებისა და პროევროპული აქციებისას დაკავებული აქტივისტების მორიგი სასამართლო სხდომა იმართებოდა. ნინო დათაშვილს სწორედ ამ სხდომაზე უნდოდა დასწრება.
პროკურატურის განცხადების თანახმად, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მას უთხრეს, რომ სხდომა უკვე დაწყებული იყო, დარბაზში ადგილი აღარ იყო და დასწრებას ვეღარ შეძლებდა. ამ ვიდეოში ჩანს, რა ხდება სასამართლოს დარბაზში: როგორ უწევს ის წინააღმდეგობას მანდატურებს, როდესაც მათ ქალი სასამართლოდან ძალით გაჰყავთ.
ფორუმი