სამხრეთ სუდანში ბოლო 20 წლის განმავლობაში ქოლერის ყველაზე მწვავე ეპიდემია მძვინვარებს. თითქმის ექვს თვეში აქ ინფიცირების 40 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 700-ს მიაღწია. ეს ინფორმაცია გაერო-ს ბავშვთა ფონდმა (იუნისეფმა) 24 მარტს გაავრცელა. იმავე დღეს, გაერო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ქვეყანა „სამოქალაქო ომის განახლების ზღვარზეა“, რაც ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას ართულებს.
„2024 წლის 28 სექტემბრიდან 2025 წლის 18 მარტამდე, სამხრეთ სუდანში ქოლერით ინფიცირების 40 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რომლის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 694 ადამიანი გარდაიცვალა. სამხრეთ სუდანში, ბოლო 20 წლის განმავლობაში, ყველაზე მწვავე ეპიდემია მძვინვარებს“ – აღნიშნულია იუნისეფის განცხადებაში. შემთხვევების ნახევარი 15 წლამდე ასაკის ბავშვებზე მოდის.
„ბოლო კვირეების განმავლობაში სუდანის პრეზიდენტ სალვა კიირის ერთგულ ფედერალურ ძალებსა და ე.წ „თეთრ არმიას“ შორის დაძაბულობის ესკალაციამ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ზემო ნილოსის შტატში შეზღუდა ჯანდაცვის სერვისებზე მოსახლეობის წვდომა, რამაც ეპიდემია გაამწვავა“, – აცხადებს ორგანიზაცია „ექიმები საზღვრებს გარეშე“ (MSF).
„ვიდრე ადამიანები უსაფრთხო ადგილებში გაქცევას ცდილობენ, ქოლერა სწრაფად ვრცელდება, სიკვდილიანობას იწვევს და ჰუმანიტარულ კრიზისს აღრმავებს“, -აღნიშნავს MSF-ის მისიის ხელმძღვანელი სამხრეთ სუდანში, ზაკარია მვატია.
მისივე განმარტებით, „ქოლერის სწრაფი გავრცელებისა და ძალადური გარემოს გამო, ზემო ნილოსის შტატში დღეს სამედიცინო დახმარებაზე მოთხოვნილება უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე“.
ქოლერა მწვავე ნაწლავური ინფექციაა, რომელიც გადადის ბაქტერია Vibrio cholerae-თი დაბინძურებული საკვების ან წყლის მოხმარებით. მან რამდენიმე საათში შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს, თუ ავადმყოფს დროული მკურნალობა არ ჩაუტარდა.
ინფექციის მთავარი სიმპტომებია მძიმე დიარეა, ღებინება და კუნთების სპაზმები. მძიმე შემთხვევების დროს, მკურნალობა შესაძლებელია ორალური რეჰიდრატაციით ან ანტიბიოტიკებით.
იუნისეფის მონაცემებით, 2024 წლის იანვრიდან 2025 წლის მარტამდე, აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკის 16 ქვეყანაში ქოლერის 178 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორისაა ანგოლაც, სადაც ეპიდემია გასული წლიდან მძვინვარებს. 2025 წლის 7 იანვრიდან 18 მარტამდე პერიოდში, ანგოლაში ქოლერით ინფიცირების 7 500-ზე მეტი და გარდაცვალების 294 შემთხვევა დაფიქსირდა.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი
