სამხრეთ სამეზობლოში NATO-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა იქნება

NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწე პოლიტიკური ურთიერთობებისა და თავდაცვის პოლიტიკის საკითხებში, ხავიერ კოლომინა NATO-ს სამხრეთ სამეზობლოს სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა. იგი აქამდე NATO-ს გენერალური მდივნის, იენ სტოლტენბერგის სპეციალური წარმომადგენლის კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში თანამდებობას იკავებდა.
კოლომინას დანიშვნის შესახებ იენს სტოლტენბერგმა განაცხადა და თქვა, რომ ალიანსისთვის ისეთ მნიშვნელოვან რეგიონებში, როგორებიცაა ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ აფრიკა და საჰელი, გამოცდილი კოლომინას დანიშვნა “უფრო მეტად გააძლიერებს NATO-ს მნიშვნელოვან მოღვაწეობას სამხრეთში”.
როგორც ალიანსის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, კოლომინა სამხრეთ სამეზობლოში NATO-ს ძალისხმევის კოორდინაციასა და ხილვადობის გაზრდაზე იქნება პასუხისმგებელი.
ვაშინგტონის სამიტზე NATO-ს წევრი ქვეყნები სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ, რათა ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და საჰელის რეგიონებში NATO-ს ჩართულობა გაიზარდოს. კოლომინას სპეციალურ წარმომადგენლად დანიშვნა ამ გეგმის ნაწილია.