სამხრეთ კორეაში ძაღლის ხორცის ჭამის კანონით აკრძალვა იგეგმება. ამის შესახებ სამხრეთ კორეის ეროვნულ ასამბლეაში მმართველი პარტიის, ხალხის ძალის პარტიის (PPP) დეპუტატი, იუ ი დონგი.
“დროა, რომ სპეციალური აქტის მიღებით დავასრულოთ ძაღლის ხორცის ჭამის ირგვლივ არსებული სოციალური კონფლიქტები და დავა”. – ამბობს მმართველი პარტიის დეპუტატი ცხოველთა უფლებების დამცველებისა და მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრაზე.
იუს თქმით, მმართველი გუნდი მიმდინარე წლის ბოლომდე წარადგენს აქტს, რომელიც აკრძალავს ძაღლის ხორცის ჭამას. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილების მიმართ მაღალი მხარდაჭერის გამო კანონმდებლობის დამტკიცება პარლამენტში მარტივად მოხდება.
ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ჩუნგ ჰვანგ კენის თქმით, მას შემდეგ, რაც პარლამენტი კანონმდებლობას დაამტკიცებს, მთავრობა მის იმპლემენტაციას სწრაფად მოახდენს და სამინისტრო ასევე დაეხმარება ძაღლის ხორცის ინდუსტრიაში მოქმედ ბიზნესებს, რათა მინიმალურად დაზიანდნენ აღნიშნული ცვლილებით.
ძაღლის ხორცის ჭამის აკრძალვის აქტის მიღება სამხრეთ კორეაში წარსულშიც სცადეს, თუმცა, ინდუსტრიაში მყოფი ბიზნესის წარმომადგენლებისგან მძლავრი პროტესტის შედეგად, ყველა მცდელობა ჩავარდა.
სწორედ ამიტომ, ახალი კანონის მიხედვით, მთავრობა 3 წლის მანძილზე ფინანსურად დაეხმარება ბიზნესებს, დატოვონ ძაღლის ხორცის ინდუსტრია.
ძაღლის ხორცის ჭამა სამხრეთ კორეაში საუკუნოვანი ტრადიციაა. მთავრობის მონაცემებით, დღესდღეობით ძაღლების გამრავლების 1 150-მდე ფერმაა, 34 სასაკლაო და 1 600-მდე რესტორანი, სადაც ძაღლის ხორცს მოიხმარენ.
მიუხედავად ამისა, ძაღლის ხორცის ჭამის წინააღმდეგ მყოფი ადამიანების რაოდენობა დრო და დრო იმატებს. 2022 წლის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 64% ეწინააღმდეგება ძაღლის ხორცის ჭამას და ბოლო ერთი წლის მანძილზე მოსახლეობის მხოლოდ 8%-ს აქვს ძაღლის ხორცი ნაჭამი. ეს მაჩვენებელი 2015 წელთან შედარებით 27%-ით ნაკლებია.