სამხრეთ კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დასკვნითი ეტაპი გაიმართა – როგორია ეკონომიკური ურთიერთობა რიცხვებში

3-5 სექტემბერს თბილისში საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასკვნითი ეტაპი გაიმართა, მხარეები შეთანხმდნენ ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორიცაა საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობა, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, საბაჟო და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

საქართველოს მხრიდან მომლაპარაკებელთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო კორეის რესპუბლიკის მხრიდან – ვაჭრობის, ინდუსტრიისა და ენერგეტიკის სამინისტროს სავაჭრო მოლაპარაკების დეპარტამენტის გენერალური დირექტორი ფეომინ რიუ.
მას შემდეგ, როდესაც სრულად დასრულდება ტექსტზე მუშაობა, შეთანხმებას ხელი მოეწერება და შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ, შეთანხმება ამოქმედდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, შეთანხმება ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური პარტნიორობის ფართო სპექტრს მოიცავს, მათ შორის, თავისუფალ ვაჭრობას. მან აღნიშნა, რომ შეთანხმების ამოქმედების შემდგომ როგორც საქონლის, ისე მომსახურების ქართველი მიმწოდებლები თავისუფალი ვაჭრობის წესებით ისარგებლებენ კიდევ ერთ ქვეყნის – კორეის სამომხმარებლო ბაზარზე შესვლისას.
„კორეას საკუთარი ბაზრის დასაცავად მაღალი ტარიფები აქვს დაწესებული, რომელიც ზოგიერთ პროდუქციაზე 800 პროცენტსაც სცდება. საქართველოს მთავრობამ სატარიფო ლიბერალიზაციის მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია. სატარიფო შეღავათებით ისარგებლებს არა მხოლოდ ის პროდუქცია, რომლის ექსპორტიც საქართველოდან ხორციელდება, არამედ ისიც, რომლის პოტენციალიც დღეს გვაქვს,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
გენადი არველაძის თქმით, შეთანხმება ასევე ითვალისწინებს თანამშრომლობას ინვესტიციების, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმისა და სხვა სექტორებში. „კორეა, 50 მლნ-ზე მეტი მოსახლეობით მაღალმსყიდველუნარიანი სამომხმარებლო ბაზარია და მასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარება საქართველოსთვის პრიორიტეტია,” – განაცხადა გენადი არველაძემ.
საქართველოსა და კორეას შორის სავაჭრო ბრუნვა წლების მიხედვით ზრდის ტენდენციით ხასიათდება. 2023 წელს, რეკორდული მაჩვენებელი 120.3 მლნ დოლარი დაფიქსირდა. მაშინ, როცა 2022 წელს 118.6 მლნ აშშ დოლარი იყო, 2021 წელს 99.1 მლნ აშშ დოლარი, 2020 წელს 77.9 მლნ აშშ დოლარი და ა.შ.
რა ვიყიდეთ და გავყიდეთ 2024 წლის პირველ კვარტალში კორეის რესპუბლიკიდან:
-5 იმპორტირებული პროდუქტი:
· მსუბუქი ავტომობილები – $6.5 მლნ;
· ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა – $3.8 მლნ;
· სამარჯვები ორთოპედიული; სხეულის ხელოვნური ნაწილები – $1.1 მლნ;
· დაფასოებული სამკურნალო საშუალებები – $1.03 მლნ;
· ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი – $679.2 ათასი.
TOP-5 საექსპორტო პროდუქტი:
· ფეროშენადნობები – $497.7 ათასი;
· ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილები და მოწყობილობები – $243.7 ათასი;
· პლასტმასის დანარჩენი ნაწარმი – $158.2 ათასი;
· მოწყობილობები ელექტროგამანათებელი ან სასიგნალიზაციო – $63.2 ათასი;
· ყურძნის ნატურალური ღვინოები – $61.1 ათასი.
კორეიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაქსიმალური მაჩვენებელი 36.4 მლნ აშშ დოლარი 2017 წელს დაფიქსირდა, რის შემდეგაც FDI ძირითადად კლების რეჟიმშია. 2023 წელს, კორეის რესპუბლიკის წილი ინვესტიციებში 0.1% იყო და წლიურად 28%-იანი ზრდის შედეგად, 1.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.