სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა აკადემიის რექტორს და ადმინისტრაციას სთხოვეს უკან წაიღოს თავისი ხელმოწერა რექტორების კონფერენციის განცხადებიდან, სადაც ნათქვამია, რომ უმაღლესი სასწავლებლები პოლიტიკისგან დაცლილი სივრცე უნდა იყოს და მხარი დაუჭირონ სტუდენტებს, რომლებიც ქვეყნის უკეთესი მომავლისა და დასავლური კურსის დასაცავად იბრძვიან. აკადემიის რექტორი, ყარამან ქუთათელაძე სტუდენტებთან სალაპარაკოდ მას შემდეგ ჩავიდა, რაც “აგენტების კანონის” მოწინააღმდეგე სტუდენტები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით, ტრანსფანტებითა და საყვირებით, უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ და რექტორთან შეხვედრა მოითხოვეს.
“ძალიან ბევრს აქვს პროტესტი იმის გამო, რომ თქვენ შეუერთდით გაფიცვის დაგობის განცხადებას და გვაინტერესებს, თქვენ მომხრე ხართ რუსული კანონის?” – ჰკითხა პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილე სტუდენტმა აკადემიის რექტორს.
“იცით რაშია საქმე, ჩვენ თქვენხელები რომ ვიყავით, ვიბრძოდით იმისთვის, რომ ყოფილიყო შეკრების თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება, რაც თქვენ გაქვთ. თქვენ თქვენი აზრი შეგიძლიათ დააფიქსიროთ არჩევნებზე, თქვენ უკვე ზრდასრული ადამიანები ხართ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. დანარჩენი, ეს არის სასწავლებელი, სადაც უნდა ისწავლოთ, მიიღოთ განათლება, მაგაზე პასუხისმგებლები ჩვენ ვართ, ეს არ არის პოლიტიკური […]. აქ არის სასწავლო პროცესი…” – უპასუხა მას ყარამან ქუთათელაძემ.
სტუდენტები აკადემიის რექტორს მოუწოდებდნენ, არ გაემიჯნოს მათ, “როცა ახალგაზრდებს ევროპულ მომავალს ართმევენ”. სტუდენტები ყარამან ქუთათელაძეს ეკითხებოდნენ, რას ფიქრობს როდესაც მისი სტუდენტების “მეგობრებს ურტყამენ და უმიზეზო აპატიმრებენ”, ან როცა “ახალგაზრდებს სიტყვის თავისუფლებისთვის ფიზიკურად უსწორდებიან.” რექტორმა ამ კითხვების პასუხად თქვა, რომ გმობს ყველანაირ ძალადობას, თუმცა აკადემიის სივრცე არ არის ადგილი პოლიტიკური დებატებისთვის.
თქვენ გაქვთ უფლება, განათლების სამინისტროს სამარცხვინო დოკუმენტებს ხელი არ მოაწეროთ.
“თუ თქვენ ამას გმობთ, რატომ არ გვიერთდებით და არ ემიჯნებით რუსულ კანონს, ჩვენ ვართ თქვენი სტუდენტები, ჩვენ გვინდა განათლება საქართველოსთვის და არა რუსეთისთვის და ეს რაც ხდება, ეს არ არის ქართული, ეს არის რუსული რეჟიმი, რომელსაც ჩვენ ყველა წინ აღვუდგებით და ვიბრძოლებთ ბოლომდე. ჩვენ გვინდა აკადემია, რომლითაც ადრე ვამაყობდეთ, ჩვენს მხარეს დადგეს და შემოგვიერთდეს ჩვენ. ძალიან გთხოვთ შემოგვიერთდით ჩვენ და ის ხელმოწერა [განცხადებაზე], რაც გაფიცვას გმობს, დათმეთ და თქვენი სტუდენტების მხარეს დადექით. ეს არის რაც ჩვენ გვჭირდება ჩვენი თავისუფლებისთვის და ჩვენი ევროპული მომავლისთვის” – უთხრა ქუთათელაძეს ერთ-ერთმა სტუდენტმა. ისინი ცდილობდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციისთვის აეხსნათ, რომ კანონი, რომლის წინააღმდეგაც იბრძვიან, პირდაპირ მოახდენს გავლენას თუნდაც იმ საერთაშირისო კონტაქტებსა და სასწავლო პროგრამებზე, რომლებიც აკადემიას აქვს ევროპის სახელოვნებო ინსტიტუციებთან.
“თქვენ ერთი რამე უნდა იცოდეთ, თქვენ არ ხართ მარტო, აქ არის სხვა ნაწილიც სტუნდეტების, რომლებიც სხვანაირად ფიქრობენ. ჩვენ ვერ და არ შევდივართ პოლიტიკურ დიალოგებში, მაგისთვის არის სხვა ადგილები, ეს ადგილი არის სხვა ადგილი. თქვენ გაქვთ უფლება იმის, რასაც თქვენ იძახით, მეც მაქვს უფლება, რომელსაც გამოვიყენებ როცა მივალ საარჩევნო ყუთთან.
თქვენ აზრის, სიტყვის გამოხატვის თავისუფლება გაქვთ, ღიაა აკადემია ყველასთვის, აქ არ არის ის რთული პოლიტიკური დებატების ადგილი. რაც მე აქ ვარ, უამრავი ხელმოწერა მაქვს დადებული ევროპელ პარტნიორებთან თქვენი განათლებისთვის, უამრავი ევროპული ახალი ფონდები იხსნება, ამ კაბინეტში ხელს ვაწერ მაგისთვის, რომ თქვენი გზა იყოს, გინდა ევროპაში, გინდა ინდოეთში. არც ერთი ხელმოწერა არ არის სვერლოვსკთან, როცა იქნება, მაშინ ვილაპარაკოთ. მე არ მაქვს უფლება მარტო თქვენი რექტორი ვიყო, მე ყველას რექტორი უნდა ვიყო, ამიტომ განსხვავებულ აზრს აქვს უფლება, თქვენს ბრძოლას აქვს უფლება” – უთხრა ყარამან ქუთათელაძემ აკადემიის ეზოში შეკრებილ სტუდენტებს. რაზეც პასუხად მიიღო რეპლიკა:
“თქვენ გაქვთ უფლება, განათლების სამინისტროს სამარცხვინო დოკუმენტებს ხელი არ მოაწეროთ!”
ყარამან ქუთათელაძეს არ მიუცია სტუდენტებისთვის პირობა, რომ აკადემია უკან გამოიწვევს ხელმოწერას განცხადებაზე, რომელიც 14 მაისს გავრცელდა სტუდენტების მასობრივი გაფიცვის ფონზე და რომელიც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, განათლების სამინისტროს ინიციატივით შედგენილი ტექსტი იყო.
“თითოეული უნივერსიტეტის, მისი პროფესორ-მასწავლებლების ვალდებულებაა, უზრუნველყოს სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის უწყვეტად წარმართვა და საუნივერსიტეტო სივრცეებში პოლიტიკისგან თავისუფალი, ჯანსაღი და აკადემიური საგანმანათლებლო გარემოს შექმნა”, – ეწერა ამ განცხადებაში, რომელსაც ხელი რექტორებმა ერთპიროვნული გადაწყვეტილებით მოაწერეს ხელი, აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან შეუთანხმებლად იმ დღეს, როცა 15-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტები უკვე გაფიცულები იყვნენ.
ყარამან ქუთათელაძე სამხატვრო აკადემიის რექტორად 2022 წლის ნოემბერში აირჩიეს არჩევნებში, სადაც რექტორობის ერთადერთი კანდიდატი იყო.