“სამწუხაროდ, სამკერვალოების დახურვის ტენდენცია გრძელდება”

სამწუხაროდ, საქართველოში სამკერვალოების დახურვის ტენდენცია, ასევე რიგი მათგანის შემთხვევაში, საქმიანობის დროებით შეჩერების პროცესი გრძელდება, – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ გიორგი ბარნაბიშვილმა, ტანსაცმლის წარმოების ექსპერტმა განუცხადა.
მისი თქმით, ამის უმთავრესი მიზეზი გრძელვადიანი სტრატეგიის არ ქონა, წარმოების არასწორად დაგეგმვა, აგრეთვე მუშახელისა და ნედლეულის დეფიციტია.
„როგორც არა ერთხელ გვითქვამს, საქართველოში ქსოვილები და აქსესუარები საერთოდ არ იწარმოება, შესაბამისად, ქვეყანა მათ იმპორტს ახდენს, რაც საბოლოო ჯამში, ზრდის აქ დამზადებული ტანსაცმლის თვითღირებულებას. აქედან გამომდინარე, ადგილობრივ ბაზარზე, საქართველოში წარმოებულ სამოსს, საფასო კუთხით, უჭირს კონკურენციაში შესვლა იმპორტირებულ ტანსაცმელთან, რომელიც ისეთ სახელმწიფოებშია წარმოებულია, სადაც საკუთარი ნედლეული აქვთ. ეს ყველაფერი, ცხადია, იწვევს იმას, რომ წლიდან წლამდე საქართველოში ტანსაცმლის იმპორტი რეკორდულ ნიშნებს აღწევს“, – აღნიშნა გიორგი ბარნაბიშვილმა.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის შვიდ თვეში, ქვეყანაში 210 მლნ დოლარის ტანსაცმელი შემოვიდა, მაშინ როდესაც, მაგალითად, 2023 წლის იანვარ-ივლისში ეს მაჩვენებელი 176 მლნ დოლარი იყო. იმპორტიორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე თურქეთია, მეორე ადგილს კი ჩინეთი იკავებს.
რაც შეეხება ქართული სამოსის ექსპორტს, აქ კლების ტენდენცია გრძელდება. 2025 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, ქვეყნიდან ექსპორტზე, თითქმის, 91 მლნ დოლარის ღირებულების ტანსაცმელი გავიდა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში, ეს მაჩვენებელი თითქმის 114 მილიონი დოლარი იყო.
აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ტანსაცმლის ექსპორტი გასულ წლებშიც შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდა. მაგალითისთვის, თუ 2024 წელს ქვეყნიდან, ჯამურად, ექსპორტზე 160 მლნ დოლარის ღირებულების ტანსაცმელი გავიდა, 2022 წელს ეს მაჩვენებელი – 165 მლნ დოლარი იყო.
დარგის ექსპერტები ექსპორტის კლებას რამდენიმე მიზეზით ხსნიან – პირველი, გეოპოლიტიკური და ეკონომიკური რისკებია. მათი შეფასებით, უცხოელი დამკვეთები ჯერ აკვირდებიან, თუ როგორი პოლიტიკური ვითარებაა ქვეყანაში და თანამშრომლობას მხოლოდ ამის შემდეგ იწყებენ. როგორც სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, ნებისმიერი სახის დაძაბულობა, გავლენას ახდენს სავაჭრო და ბიზნესურთიერთობებზე. ექსპორტს აფერხებს ისიც, რომ მუშახელის დეფიციტის გამო, ქვეყანაში წარმოებების გამსხვილება და გაზრდა ვერ ხერხდება, უცხოელების მხრიდან დაკვეთა კი, როგორც წესი, დიდი მოცულობით სერიულ სამოსზეა. აქედან გამომდინარე, ადგილობრივი წარმოებების ნაწილს, საჭირო მოცულობის ტანსაცმლის წარმოებისა და დამკვეთისთვის მიწოდების რესურსი არ აქვს, რის გამოც თანამშრომლობის ხელშეკრულება არ ფორმდება.

თუმცა, მიუხედავად ამ გამოწვევებისა, სექტორში ამბობენ, რომ როდესაც კომპანიები საერთაშორისო გამოფენებზე მიდიან, ქართული სამოსის მიმართ ინტერესი, მისი ხარისხიდან და დიზაინიდან გამომდინარე, ძალიან მაღალია და თუ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება სექტორის ხელშესაწყობად, მათ შორის, სამკერვალოების ფინანსური მხარდაჭერის კუთხით, უცხოურ ბაზრებზე ქართული სამოსის ექსპორტის ზრდა ძალიან რეალური იქნება…
bp.ge