2026 წლიდან თხილის სუბსიდირების პროგრამა უქმდება.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში სუბსიდირების დაწყებისა და მიღებული შედეგების შესახებ საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, მერაბ ჭითანავამ ისაუბრა.
როგორც მერაბ ჭითანავა განმარტავს, თხილის სუბსიდირების პროგრამა 2023 წელს სახელმწიფომ ასოციაციისა და სექტორის თხოვნის შემდეგ აამოქმედა. თავდაპირველად პროგრამა მხოლოდ ერთ წლიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა, 2024 და 2025 წლებშიც გაგრძელდა.
მერაბ ჭითანავას თქმით, სუბსიდირებამ ფერმერების ძირითად ბირთვს, რომელიც ყოველთვის მაქსიმალურად ცდილობდა, მაღალი ხარისხის მოსავალი ჰქონოდა, ცხოვრება გაუმარტივდა და საბრუნავი კაპიტალის შემსუბუქების კუთხით ძალიან კარგი შედეგებიც მიიღო. ამასთან ერთად, როგორც ჭითანავა აღნიშნავს, სუბსიდირებამ ფერმერების დიდი მასშტაბით გააქტიურება ვერ გამოიწვია.
„მიუხედავად იმისა, რომ ერთ წელზე იყო შუამდგომლობა დაყენებული ასოციაციისა და სექტორის მხრიდან, პროგრამა მეორე და მესამე წელსაც გაგრძელდა, ნელ-ნელა უფრო დაიხვეწა, გაუმჯობესდა და უფრო მიზანზე მორგებული გახდა, თუმცა ბუნებრივია, მუდმივად ეს პროცესი ვერ გაგრძელდებოდა და არც გვქონია მოლოდინი, რომ დახმარება 8-10 წელი გვექნებოდა. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან შეწყვეტაზე მიდის აპელირება და რეალურად შეწყვეტა კი არა, ორჯერ უფრო მეტი თანხა იქნა ინვესტირებული სექტორში, ვიდრე სექტორმა ითხოვა“, – ამბობს მერაბ ჭითანავა.
მერაბ ჭითანავა აღნიშნავს, რომ გაცილებით მნიშვნელოვანია ფერმერების განათლებაზე ზრუნვა, მათთვის ინფორმაციის მიწოდება, ტრენინგების ჩატარება.
„არსებულმა პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ფერმერებისთვის ნაკლებად ეფექტიანია ასეთი სახის პირდაპირი ფინანსური დახმარება, არ იწვევს მკვეთრ ზრდას ბაღის მოვლის კუთხით. უფრო მნიშვნელოვანია განათლება, ინფორმაციის მიწოდება, აგრო კონსულტანტების მხარდაჭერის ინტენსიური პროცესები, რაც ფერმერებს უფრო მეტ მოტივაციას უჩენს.
1 ჰექტრის მოვლაზე შეიძლება 3 ათასი ლარიც დახარჯო, მაგრამ 500 ლარის აგროქიმიკატსაც თუ შეიძენ, შეგიძლია, ის მინიმალური სამუშაოები ჩაატარო, რომელიც მაღალ მოსავალს უზრუნველყოფს. გვეგონა, ამის ხელმისაწვდომობას თუ გავაჩენდით, მოსავალი გაიზრდებოდა. ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორი რაც გვქონდა, გვინდოდა, ფერმერების აქტიურობის ზრდა გვენახა. სამწუხაროდ, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მასშტაბურად მოხდა ფერმერების გააქტიურება ამ წლების განმავლობაში, პირიქით, დაღმავალი ტრენდიც იყო აქტიურობის, უფრო მოდუნდნენ. თუმცა ის ფერმერები, ძირითადი ბირთვი, რომელიც ყოველთვის მაქსიმალურად ცდილობდა, მაღალი ხარისხის მოსავალი მიეღო, მათ ცხოვრება გაუმარტივდათ და საბრუნავი კაპიტალის შემსუბუქების კუთხით ძალიან კარგი შედეგები მიიღეს“, – განაცხადა მერაბ ჭითანავამ.




