სამწუხაროდ, ბევრმა ექიმმა DRG მექანიზმის ამოქმედების შემდეგ საქმიანობა ვეღარ გააგრძელა – სანდრო ურუშაძე

ჯანდაცვის მინისტრი, აცხადებს, რომ დარგთან კომუნიკაციის შედეგად, DRG მოდელთან დაკავშირებით ბევრი პრობლემის გამოაშკარავება ხდება და მათი ჩართულობით განიხილება, რა შეიძლება იყოს გამოსავალი.
ის რომ ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკებისთვის მოლაპარაკებების კარი გააღო დადებითად ფასდება ჯანდაცვის ყოფილი მინისტრისგან სანდრო ურუშაძისგან, რომელიც ამბობს, რომ პრობლემების გადაწყვეტა დროულად უნდა მოხდეს. მისი თქმით, აუცილებელია პროცესებში იყვნენ ჩართული კლინიკების წარმომადგენლები და პრაქტიკოსი ექიმები, ვისთან შეთანხმებითაც ცვლილებების ამოქმედება მოხდება.
“თანადაგახდა აღარ ხდება პაციენტების ჯიბიდან, მოხდა გასაშუალებული ფასის დადგენა, მაგრამ თვითონ ამ ფასის დადგენაში გამოჩნდა პრობლემები იმიტომ რომ სხვადასხვა ტიპის კლინიკები არიან. არის ხოლმე შემთხვევები, როცა პაციენტს, რამდენიმე სპეციალისტის ერთდროული მკურნალობა სჭირდება ან რამდენიმე ტიპის ჩარევა სჭირდება ერთდროულად, რაც პრობლემურია. ასევე განსხვავებულ რესურსს ხარჯავს კონკრეტული პაციენტის მკურნალობაში სხვადასხვა კლინიკა. ყველაფერი ეს უნდა დაიხვეწოს. კარგია, რომ მოლაპარაკებისთვის კარი გააღო სამინისტრომ, ძალიან კარგი თუ ამ მოლაპარაკებებში ჩაერთვებიან ადამიანები, რომლები უშუალოდ ხელმძღვანელობენ კლინიკას, განსაკუთრებით პროფესიული ასოციაციები. ყველაზე დაჩაგრულად ამ შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდნენ ყველაზე წარმატებული ექიმები და კლინიკები, ამიტომაც აუცილებელია მოვახდინოთ ხარჯების კონტროლი, ეფექტიანობისკენ გადაიდგას ნაბიჯები. აუცილებელია, რომ ჯიბიდან გადახდები შემცირდეს, მაგრამ ამავე დროს არ უნდა შევუშალოთ ხელი იმ ყველაზე წარმატებული დარგების განვითარებას და წარმატებული ექიმები არ უნდა აღმოჩნდნენ
თამაშგარე მდგომარეობაში. სამწუხაროდ, ბევრმა ექიმმა ვეღარ გააგრძელა თავისი საქმიანობა DRG მექანიზმის ამოქმედების შემდეგ,”- ამბობს სანდრო ურუშაძე.