“სამშობლოს გამყიდველო, მოღალატე” – აბუ-დაბიში ჩასულ ოცნების დეპუტატებს შეძახილებით დახვდნენ

აბუ-დაბიში ჩასულ ოცნების დეპუტატებს ქართველებმა სამშობლოს გამყიდველი და მოღალატე ეძახეს.
ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა. კადრში ჩანან აბუ-დაბიში მყოფი ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატები , ვიქტორ სანიკიძე და გოჩა ენუქიძე.
ასევე, ივანიშვილის პარტიის წევრი გელა სამხარაული და განათლების ყოფილი მინისტრი გიორგი ამილახვარი.
ვიდეოში ჩანს ისიც, თუ როგორ აყენებს შეურაცხყოფას და აგინებს მოქალაქეს ირაკლი ზარქუა, რომელიც უცხოეთში, სავარაუდოდ, დასასვენებლად იმყოფება.
გოჩა ენუქიძე ოცნების ერთპარტიული პარლამენტის XI მოწვევის წევრია. ის VII-VIII მოწვევის პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი იყო, შემდეგ კი – ქართული ოცნების. ის ასევე რუსული კანონის ორგზის ხელმომწერია.
ენუქიძის სახელი დაახლოებით 100-მდე კომპანიასთანაა დაკავშირებული.
2021 წლის განმავლობაში გოჩა ენუქიძის მიკროფონი პარლამენტში მხოლოდ 2-ჯერ ჩაირთო, 2016-19 წლებში კი მან პარლამენტში ხმა მხოლოდ 7-ჯერ ამოიღო. გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანების (Ifact) ცნობით, ენუქიძეს 2013, 2017 და 2018 წლებში დან ნავთობი შემოჰქონდა.
2013-2021 წლებში მის კომპანიას, შპს “იბერკომპანი პეტროლიუმს,” ჯამში, 3.3 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვა აქვს გაფორმებული. კომპანია საწვავს აწოდებდა ვანის, მარტვილის, ლენტეხის, ცაგერის, ტყიბულის მერიებსა და მერიის ა(ა)იპ-ებს. საწვავს ყიდულობდნენ ასევე სვანეთის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლები.
2020 წლის შემოდგომაზე, საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ენუქიძის კომპანიამ საწვავი მიჰყიდა ასევე ცაგერის, ლენტეხის, მარტვილის და ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიებს.
ასევე, 2017 წელს პარლამენტის მილიონერი წევრის გოჩა ენუქიძის კუთვნილმა კომპანია „იბერკომპანიმ“ უპირობო აუქციონში კონკურენტის გარეშე გაიმარჯვა და მცხეთაში, სოფელ ძეგვში მდებარე 5775 კვ.მ მიწის ნაკვეთი იყიდა.
აუქციონის გამოცხადებამდე 19 დღით ადრე კი გოჩა ენუქიძემ ოცნებას 50 000 ლარი შემოწირულების სახით ჩაურიცხა.