“სამშვიდობო შეთანხმება წყვეტს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ყველა შესაძლო პრობლემას”

2025 წლის 26 მაისს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა აღმოფხვრის ორ ქვეყანას შორის ყველა შესაძლო პრობლემას. ამის შესახებ ფაშინიანმა ერევანში მიმდინარე ღონისძიებაზე — „ს დიალოგი“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს უკვე შეთანხმებული აქვთ სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტი და მოლაპარაკებები დასრულებულია. „სომხეთი და პირადად მე მზად ვართ ხელმოსაწერად“, — თქვა ფაშინიანმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აზერბაიჯანი ხელშეკრულების ხელმოწერას ორ საკითხთან აკავშირებს:
1. მინსკის ჯგუფის გაუქმება – ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანის მოთხოვნაა ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება, რომელიც მოლაპარაკებების ფორმატად იყო შექმნილი. სომხეთისთვის ეს მისაღებია, თუმცა, პრემიერის განცხადებით, საჭიროა დარწმუნება, რომ მხარეები ერთნაირად აღიქვამენ სიტუაციას და აზერბაიჯანის განზრახვა არ არის კონფლიქტის სომხეთის ტერიტორიაზე გადატანა.
ფაშინიანმა აღნიშნა, რომ „ბოლო წლებში აზერბაიჯანმა დაიწყო სომხეთის ტერიტორიის დაახლოებით 60 პროცენტის ‘დასავლეთ აზერბაიჯანად’ მოხსენიება, რაც სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე მიუღებელია.“
მისივე თქმით, სომხეთი მზად არის მოაწეროს ხელი როგორც სამშვიდობო ხელშეკრულებას, ასევე ოფიციალურ მიმართვას ეუთოსადმი მინსკის ჯგუფის გაუქმების თაობაზე.
2. სომხეთის კონსტიტუციის საკითხი – ფაშინიანმა დასვა საკითხი, არსებობს თუ არა სომხეთის კონსტიტუციაში რაიმე ფორმით ტერიტორიული პრეტენზიები. აღნიშნა, რომ ერთადერთი ინსტანცია, რომელიც ამას აფასებს, სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოა. მან გაიხსენა, რომ გასულ წელს სასამართლომ დადებითად შეაფასა დემარკაციისა და დელიმიტაციის კომისიის რეგლამენტი, რაც ასევე ემყარება 1991 წლის ალმა-ატას დეკლარაციას. ფაშინიანის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ალმა-ატას დეკლარაცია შეესაბამება სომხეთის კონსტიტუციას, რაც ნიშნავს, რომ კონსტიტუციაში არ არსებობს ტერიტორიული პრეტენზიები სხვა ქვეყნების მიმართ.
ფაშინიანმა აღნიშნა, რომ პროექტის მიხედვით, მხარეები აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და ვალდებულებას, მომავალშიც არ წამოაყენონ პრეტენზიები. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს, რომ მხარეებმა ვერ გამოიყენონ შიდა კანონმდებლობა ხელშეკრულების შეუსრულებლობისთვის.
პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ პროექტი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, მაშინ დაბრკოლება არ იქნება მისი ეროვნული ასამბლეისთვის წარდგენისთვის და ის მიიღებს უმაღლეს იურიდიულ ძალას.
ამასთან, ფაშინიანის განცხადებით, „ხელშეკრულება გააქარწყლებს ყველა იმ შეშფოთებას, რაც შესაძლოა ჰქონდეს აზერბაიჯანს. ამ პრობლემების გადაჭრის გზა ხელმოწერაა და არა უარი ხელშეკრულებაზე. დარწმუნებით ვამბობ — ყველა ეჭვი გაქრება, ამისთვის კი საჭიროა შეთანხმების გაფორმება.“
ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის კონსტიტუციაში არსებობს გარკვეული ტერიტორიების მიმართ პრეტენზიები სომხეთის მიმართ, თუმცა სომხეთი ამ საკითხს არ აყენებდა, რადგან სჯეროდა, რომ ხელშეკრულების ხელმოწერისას პრობლემა მოგვარდებოდა.
დასასრულს, ფაშინიანმა განაცხადა, რომ ზოგიერთი ექსპერტის აზრით, აზერბაიჯანი ცდილობს ხელი შეუშალოს ხელმოწერას, მაგრამ შეთანხმება ორივე მხარის ინტერესშია:
„ხელშეკრულების ხელმოწერა გადაჭრის ყველა შესაძლო პრობლემას. საჭიროა კონცენტრაცია მივმართოთ ხელმოწერის პროცესზე. ჩვენი გუნდი მზად არის აიღოს პასუხისმგებლობა რეგიონის გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, — განაცხადა ფაშინიანმა.