სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა იმ დეკლარაციის რეგიონულ მნიშვნელობაზე, რომელსაც სომხეთმა, აზერბაიჯანმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვაშინგტონში მოაწერეს ხელი. ინტერვიუს “არმენპრესი” აქვეყნებს.
„ვფიქრობ, რომ გუშინდელი დეკლარაცია (ინტერვიუ ჩაწერილია 9 აგვისტოს — რედ.) საკმაოდ თვალსაჩინო სარგებელს შეიცავს როგორც ირანისთვის, ასევე რუსეთისთვის. როდესაც ისინი განხორციელდება, მაგალითად, ირანს ექნება შესაძლებლობა გავიდეს შავი ზღვისკენ სარკინიგზო ხაზით სპარსეთის ყურიდან, ხოლო რუსეთსა და ირანს ექნებათ შესაძლებლობა დაამყარონ სარკინიგზო კავშირი ერთმანეთთან,“ — განაცხადა ფაშინიანმა.
მისივე თქმით, შეთანხმების განხორციელება ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ მონაწილე ქვეყნებს.
„თუ ჩვენ გავამახვილებთ ყურადღებას ამ შეთანხმების ეკონომიკურ მხარეზე, ძალიან მნიშვნელოვანი და შესამჩნევი სარგებელი ექნება არა მხოლოდ სომხეთს, აზერბაიჯანსა და აშშ-ს, არამედ თურქეთს, რუსეთს და ირანსაც.“
როგორც ფაშინიანი ამბობს, მსგავსი სარკინიგზო კავშირი რეგიონისთვის უპრეცედენტო იქნებოდა.
„ფაქტობრივად, ასეთი კავშირი უპრეცედენტო იქნებოდა, რადგან ამჟამად სამხრეთ კავკასიაში არ არსებობს სარკინიგზო ხაზები, რომლებიც ირანს და რუსეთს დააკავშირებდა.
ჩვენ არ გვსურს პროვოცირება უთანხმოებების, არ გვსურს პროვოცირება დაძაბულობის და ასე შემდეგ. ჩვენი მიზანია სტაბილურობის, მშვიდობის, მდგრადი განვითარების, ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის უზრუნველყოფა. ვფიქრობ, რომ გუშინდელი დეკლარაცია”.
8 აგვისტოს ვაშინგტონში, თეთრ სახლში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მედიაციითა და მონაწილეობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო დეკლარაცია მიიღეს, რომელმაც უნდა დაასრულოს მრავალწლიანი კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. გარდა ამისა, შეთანხმების შესაბამისად, აშშ მიიღებს ექსკლუზიურ უფლებას 99 წლით სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარებისათვის.
