„სამშენებლო სფეროში დასაქმებული კადრების რაოდენობა მიმდინარე მშენებლობებისთვის საკმარისი არ არის“ – ბესო ორთოიძე

სამშენებლო სფეროში ჩართული კადრების რაოდენობა საკმარისი არ არის იმ მოცულობის მშენებლობისთვის, რაც დღეს საქართველოში ხორციელდება, – ამის შესახებ სამშენებლო კომპანია „არსის“ გენერალურმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ახალგაზრდებში ამ მიმართულების პოპულარიზაცია უნდა მოხდეს, რადგან სტატისტიკის მიხედვით სამშენებლო სექტორი ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი სფეროა.
“ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რის გამოც კადრები არ ჩერდებიან არის ის, რომ პროექტები იწყება და სრულდება და შემდეგ ახალი სამსახურის ძებნა უწევთ. შესაბამისად, სადაც უწყვეტი პროცესია და მუდმივად მიმდინარეობს მშენებლობა იქ მეტად სტაბილურად, დიდი ხნით ჩერდება კადრი. ჩვენ ორი სახის პრობლემა გვაქვს – ეს არის კვალიფიკაციური კადრების და ზოგადად კადრების პრობლემა. ბევრი გზა არსებობს იმისთვის, რომ აღნიშნული პრობლემა გადაიჭრას. მათ შორის, პოპულარიზაცია მოხდეს და ადგილობრივი კადრების დაინტერესება მოხდეს და საჭიროა პროფესიული სასწავლებლების ჩართულობა. როგორც წესი მშენებლობაზე და ამ სპეციალიზაციის არჩევა პოპულარული არ არის. როდესაც სხვა პროფესიას ირჩევენ და ვერ საქმდებიან შემდეგ იწყებენ გარკვეული ხელობის შესწავლას.
არსებობს ასევე, შესაძლებლობა, რომ მუშახელის შემოყვანა სხვა ქვეყნებიდან მოხდეს, რაც ასევე ბუნებრივი პროცესია და ამაში საგანგაშო არაფერია. თუმცა ვფიქრობ, რომ პირველი გზა უკეთესია, რომ ადგილზე მოხდეს აღნიშნული სფეროს პოპულარიზაცია და ახალგაზრდების დაინტერესება. ალოგიკურია, როცა ქვეყანაში თან უმუშევრობის დონე მაღალია და თან კადრების დეფიციტია. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანები სწორ პროფესიას არ ირჩევენ, რითაც დასაქმება შეუძლიათ”, – აცხადებს ბესო ორთოიძე.
წყარო: bp.ge